ფინანსები
31/08/2022

"თიბისი" ახალი სათავო ოფისიდან ოპერირებას 2024 წლიდან განაგრძობს

„თიბისის“ სათავო ოფისის მშენებლობა  2023 წლის ბოლოს დასრულდება, 2024 წლიდან კი ბანკი ოპერირებას ახალი სათავო ოფისიდან განაგრძობს. 

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ბანკში განუცხადეს, ახალი ოფისის გახსნა 2022 წლის ბოლოს იყო დაანონსებული, თუმცა, გახსნის ვადები გლობალური პანდემიის და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული კრიზისის გამო დაკორექტირდა.

„თიბისიში“ აცხადებენ, რომ ამ დროისთვის შესრულებულია სამუშაოების 62%, სრულად დასრულებულია მიწის და რკინა-ბეტონის სამუშაოები, დანარჩენი კი მიმდინარეა.

რაც შეეხება იმას, თუ მშენებლობის პროცესში „თიბისი“ რომელ კომპანიებთან თანამშრომლობს, ბანკში განმარტავენ, რომ ასეთი რამოდენიმეა.

„მათ შორის, „დომუს დეველოპმენტი“ ახორციელებდა კონკრეტულად რკინა-ბეტონის სამუშაოებს, რომელიცნ უკვე დასრულებულია. ამჟამად სამშენებლო მოედანზე გვყავს რამოდენიმე კონტრაქტორი, რომლებიც ახორციელებენ პროფილურ სამუშაოებს.

  • დომუს ალუმინიუმი და არქტრეიდი - ფასადის სამუშაოები
  • დნთ ქონსთრაქშენი - მექანიკის და სანტექნიკის სამუშაოები
  • ევრომონტაჟი - ელექტროობის სამუშაოები
  • ნიუ ქონსრაქშენს ტექნოლოჯის - სასმელი წყალის და წყალანირების გარე ქსელის მოწყობა
  • IKMA Georgia - ლიფტების მოწოდება და მონტაჟი
  • გრაალი-92 - რკინის კონსტრუქციების მოწყობა
  • ჯიარჯი - მისასვლელი გზის და საყრდენი კედლების მოწყობს,“ - აცხადებენ „თიბისიში“.

მათივე ინფორმაცით დაკორექტირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულება და $72 მლნ-დან $83 მლნ-მდე გაიზარდა. მიზეზი პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებია.

„ზოგადად მსოფლიო ბაზარმა განიცადა ფასების ზრდა თითქმის ყველა საქონელზე, ლოგისტიკურ მომსახურებაზე და ა.შ.პროექტის ღირებულებუიც დაკორექტირებაც აქედან გამომდინარეობს,“-აცხადებენ „თიბისიში“.

როგორც ცნობილია, ობიექტის ჯამური ფართობი დაახლოებით 70 000 კვადრატული მეტრია. „თიბისის” ახალი სათავო ოფისის მშენებლობას 2018 წლის 17 დეკემბერს, ბანკის 26-ე იუბილეზე ჩაეყარა საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ „თიბისის“ ახალი სათავო ოფისის დიზაინი შატილის კოშკების ინსპირაციით შეიქმნა, სადაც არქიტექტურული ნაგებობები ჰარმონიულად ერწყმის ლანდშაფტს მათი ტერასული განლაგებისა და დიდი ზომის აივნების წყალობით. სწორედ ეს არის ამ კონცეფციის მთავარი ამოსავალი: ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, ლისის ტბასთან,მთის ფერდობზე შეფენილი კომპლექსი, სადაც ადამიანებზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული გარემოა შექმნილი. თიბისის თანამშრომლები კომფორტულ გარემოში მუშაობას და დასვენებას, კოლეგებსა და სტუმრებს შორის ინტერაქციას შეძლებენ.

პროექტი 80/20 კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე განხორციელდება მშენებლობა, 80%-ი კი გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას დაეთმობა.

პროექტის ავტორი საერთაშორისო კომპანია – UNStudio-ა. UNStudio-მ პროექტის განხორციელების დაწყებამდე სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა, საფუძვლიანად გამოიკვლია ლოკაცია, შეისწავლა თიბისის, როგორც ბრენდის სტრატეგია და ღირებულებები.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები