ფინანსები
06/03/2023

თიბისი კაპიტალი: ლარის ზედმეტი გამყარება იკვეთება

თიბისი კაპიტალის შეფასებით, სავაჭრო პარტნიორ ვალუტებთან მიმართებით ლარის ზედმეტი გამყარება იკვეთება.

როგორც თიბისი კაპიტალი ყოველკვირეულ მიმოხილვაში განმარტავს, 2 მარტის მდგომარეობით ლარის საშუალო კურსი მისი გრძელვადიანი ტენდენციის შესაბამისი რომ ყოფილიყო, ლარი ევროს მიმართ 2.93, ხოლო დოლარის მიმართ 2.75 -იან ნიშნულზე იქნებოდა.

„თიბისი კაპიტალის ლარის კურსის პროგნოზირების ჩარჩოს ორი საფუძველი მისი გამყარების საბაზო სცენარზე არ მიუთითებს. საკუთრივ, თებერვალში წინა თვესთან შედარებით 0.3%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი იანვრის 9.4%-დან 8.1%-მდე შემცირდა.

საყურადღებოა, რომ მაშინ როდესაც წინა თვეების მსგავსად, ინფლაციის მოდერაცია ძირითადად კვლავ იმპორტულ პროდუქციაზე მოდიოდა და ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო, ამჯერად სამომხმარებლო ფასების დინამიკის სხვა მნიშვნელოვანი საზომებიც ინფლაციის შემცირების არგუმენტია.

ეს, ჩვენს წინა პროგნოზთან შედარებით, ლარის საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირებაზე მიანიშნებს. ამ ფონზე, ვფიქრობთ, რომ თიბისი კაპიტალის ეკონომიკის ზრდის გაუმჯობესებული, 6.4%-იანი პროგნოზი, სურათს არსებითად ვერ შეცვლის და ამდენად, დაახლოებით მომდევნო ერთ წელიწადში, ინფლაციის მოლოდინი ლარის კურსის მხრივ უფრო ნეიტრალურია, ვიდრე მისი მხარდამჭერი.“ -აღნიშნულია პუბლიკაციაში.

როგორც თიბისი კაპიტალი განმარტავს, იანვარში, სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის წმინდა შესყიდვამ 155 მილიონი შეადგინა, რაც ერთი თვისათვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და წინა თვეებში, ასევე მაღალ, დაახლოებით 100 მილიონიან ინტერვენციებს აღემატება კიდეც.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ლარს გამყარების ტენდენცია აქვს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, ამჟამად ერთი დოლარი 2.59 ლარად ივაჭრება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები