ფინანსები
03/02/2021

უმოქმედო სესხების მოცულობა პიკურ 10%-იან ნიშნულამდე 2021 წლის პირველ ნახევარში მივა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უმოქმედო სესხების მოცულობა 8.4%-ს შეადგენს. კობა გვენეტაძის განმარტებით, უმოქმედო სესხების ზრდის პიკი წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდება და ეს მაჩვენებელი 10%-ს მიაღწევს.

„ჩვენი მოლოდინი არის, რომ წლის პირველ ნახევარში იქნება პიკი და უმქომედო სესხების მოცულობა 10%-ს გაუტოლდება - ეს საპროგნოზო მაჩვენებელია, რომელიც საბაზო სცენარში უკვე გაწერილია. ჩვენი მოთხოვნით ბანკებმა მოსალოდნელი დანაკარგები წინსმსწრებად შეაფასეს და შესაბამისი რეზერვებიც შექმნეს. შესაბამისად, ვფიქრობთ, ზრდა რომლსაც ველით არ გამოიწვევს ნეგატიურ გავლენას. ფინანსურმა სექტორმა პანდემიური შოკით გამოწვეული რთული ფაზა საკმაოდ კარგად გაიარა. მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს როგორც ბანკები ისე არასაბანკო ორგანიზაციები კაპიტალის და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით შეხვდნენ. საბანკო სისტემამ 2020 წელი მცირე, მაგრამ მაინც მოგებით დაასრულა,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე განმარტებით, 2021 წელს საკრედიტო პორტფელის ზრდა 5-10% -ის ფარგლებში იქნება და მდგრადობის შენარჩუნებას როგორც საბანკო ისე არასაბანკო სექტორი მოახერხებს.

კობა გვენეტაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფულადსაკრედიტო ბაზარზე ლიკვიდობის პრობლემა არ დგას და ეროვნულმა ბანკმა ფინანსურ სისტემას ლიკვიდური სახსრები სხვადასხვა მექანიზმით მიაწოდა.

Businesspartner