ფინანსები
21/05/2021

USAID-ი საქართველოს 5 წლის განმავლობაში $330 მლნ-ს გამოუყოფს

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ი საქართველოში გარე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ მედეგობის გაზრდისა და დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად 5 წლის განმავლობაში 330 მლნ-მდე დოლარს გამოყოფს.

განვითარების მიზნების შესახებ შეთანხმებას ხელი USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მოაწერეს. 

შეთანხმების მიხედვით, ახალი შეთანხმების საფუძველზე USAID/საქართველო დაიწყებს 2020 წლის ქვეყნის განვითარების სტრატეგიის სრულად განხორციელებას. სტრატეგია ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას გარე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში, ანგარიშვალდებული დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას, ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას, რომელიც განაპირობებს ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი და მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნას.

„შეთანხმება კიდევ უფრო ამყარებს ამერიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ამასთანავე, ორიენტირებულია USAID-ის მიზანზე, საქართველოში ითანამშრომლოს ისეთ პარტნიორებთან, როგორებიცაა მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს როგორც კერძო, ასევე საჯარო პარტნიორებთან ერთად შევქმნით და დავაფინანსებთ საქართველოს განვითარების წინაშე არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ და მმართველობით გამოწვევებს,“ - განაცხადა პიტერ ვიბლერმა, USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში არსებულ სტრატეგიულ განვითარებას.

"ეს თანამშრომლობა გადამწყვეტი იყო დამოუკიდებლობის მიღების პირველ წლებში და ასეთივე მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შემთხვევაშიც. დარწმუნებული ვარ, რომ განვითარების მიზნების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია,“ განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

Businesspartner