ფინანსები
01/02/2023

Visa: საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით

VisaNet-ის უახლესი მონაცემების მიხედვით, საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით,  უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით პირველ ადგილს იკავებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ VISA-ს წარმომადგენლობიდან აცნობეს, სწრაფი, უსაფრთხო და უკონტაქტო გადახდების მაჩვენებლით, საქართველო იმ 200-ზე მეტ ქვეყანას შორის, სადაც Visa ოპერირებს, ლიდერი ქვეყანაა. მე-2 და მე-3 ადგილებს ავსტრალია და უნგრეთი იკავებენ. VisaNet-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველოში Visa ბარათებით განხორციელებული 10 ტრანზაქციიდან, თითქმის, 10-ვე უკონტაქტოა.

“ამაყი ვარ, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით, პირველ ადგილს იკავებს, რაც მოწმობს Visa ბარათის მფლობელების მზადყოფნას -  განახორციელონ უსაფრთხო, სწრაფი და მოსახერხებელი გადახდები. მინდა, მივულოცო Visa  ბარათის მფლობელებსა და ჩვენს პარტნიორებს ეს წარმატება, რაც ჩვენი მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია. მიხარია, რომ საქართველო, მზად არის ინოვაციებისა და გადახდის ახალი მეთოდების მისაღებად,”- აცხადებს Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში დიანა კიღურაძე.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ Visa განაგრძობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას ყველა ქვეყანაში, სადაც ის ოპერირებს. Visa აქტიურად თანამშრომლობს ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებთან საქართველოში და ხელს უწყობს თანამედროვე გადახდის ეკოსისტემისა და უნაღდო ეკონომიკის განვითარებას. 

Businesspartner