ჯანდაცვა
16/03/2023

ფარმაცევტთა ასოციაცია: ბაზარზე ახალი ფარმაცევტული საწარმოები გაჩნდება

უახლოეს მომავალში საქართველოში ახალი ფარმაცევტული საწარმოების გახსნაა მოსალოდნელი – ისინი იმ კომპანიების ადგილს დაიკავებენ, რომლებიც GMP სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო დაიხურა. ამის შესახებ jandacva.ge-ს საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ განუცხადა. მისი თქმით, საუბარია იმ წარმოებებზე, რომლებიც „მარტივ“, თუმცა ყოველდღიურ მოხმარებაში აუცილებელ მედიკამენტებს აწარმოებენ. ესაა მაგალითად „ბრილიანტის მწვანე“, ეთილის სპირტი, ცხვირის სპრეი, იოდი და სხვა დაბალფასიანი სამედიცინო პროდუქცია.

„საწარმოები, რომლებიც „ჯიემპის“ ამოქმედების შემდეგ დაიხურა, ძირითადად დაბალფასიანი პროდუქციის მიმართულებით მუშაობდნენ, მათი დახურვის შემდეგ ამ პროდუქციაზე დეფიციტი შეიქმნა. ბიზნესში კი, როგორც ცნობილია, თავისუფალი ადგილი მალე ივსება. ასე რომ, ლოგიკურად, ეს ნიშა საწარმოებმა უნდა დაიკავონ, რომლებიც დიდი ალბათობით ბაზარზე უახლოეს პერიოდში ბაზარზე გაჩნდებიან,“ – განმარტა გოგიბერიძემ. jandacva.ge-ს კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ამ პროდუქციის წარმოება დიდმა კომპანიებმა დაიწყონ და წარმოება ამ მიმართულებით გააფართოვონ, ლევან გოგიბერიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი პროცესები მოსალოდნელი არ არის, რადგან დიდი კომპანიების საწარმოო ხაზები სხვა სახის პროდუქციაზეა აწყობილი და მათთვის დაბალფასიანი პროდუქციისთვის დამატებითი სიმძლავრეების შექმნა არაა საინტერესო. ამასთან, ვერც დახურული საწარმოები გაიხსნება, რადგან, ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ, საქმიანობის შეჩერება არ მოუწევდათ. შესაბამისად, როგორც ლევან გოგიბერიძე აცხადებს, საუბარია ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლაზე, რომლებიც GMP სტანდარტის დაცვით დაიწყებენ დაბალფასიანი მედიკამენტების წარმოებას.

რაც შეეხება იმ კომპანიებს, რომლებმაც GMP სტანდარტი უკვე მიიღეს, მათი რაოდენობა ამ ეტაპზე სამია და როგორც გოგიბერიძე ვარაუდობს, წლის ბოლომდე მხოლოდ 6-მდე გაიზრდება.

ფარმაცევტული საწარმოებისთვის ჯიემპი სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო 2022 წლის 1 იანვრიდან გახდა.

ესაა სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი სტანდარტების შენობა-ნაგებობების, მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების, წყლის და ჰაერის ვენტილაციის სისტემის დანერგვას და სხვა მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მოთხოვნები და ზედამხედველობის სისტემა წესდება დისტრიბუციაზეც. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყოველივე ეს მომხმარებლისთვის ნიშნავს გარანტირებული ხარისხის და უსაფრთხო პროდუქციის მიღებას.

GMP სერტიფიკატი ამ ეტაპზე აქვს „ავერსი რაციონალს “, „ჯი ემ ფარმასიუთიქალს “ (PSP-ს საწარმო) და ანტიბიოტიკების მწარმოებელ კომპანია „აბიფარმს“. ფარმაცევტთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ სტანდარტს უახლოეს პერიოდში „ბიოქიმფარმიც“ მიიღებს.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები