ჯანდაცვა
28/02/2023

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია წამლებზე ფასების შეთანხმებულ ზრდას გამორიცხავს

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების შეთანხმებული ზრდა რთულად წარმოსადგენია, რადგან კომპანიებს შორის აქტიური და ზოგჯერ აგრესიული კონკურენციაც კია.

ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა ჯანდაცვის მინისტრისა და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტარისას აღნიშნა.

შეგახსენებთ, მედიკამენტების ნაწილზე ფასების ზრდის საკითხზე მორიგი კომენტარები გუშინაც გაკეთდა. ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მკაცრი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მართალია, კომპანიები წინა კვირაში დაუბრუნდნენ საწყის ფასებს, თუმცა მედიკამენტებზე ფასები მკაცრად გაკონტროლდება. მინისტრმა ასევე ისაუბრა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ჰოლდინგებზე და კომპანიების დომინანტურ მდგომარეობაზე.

“როცა არის ჯანსაღი კონკურენცია, მსგავსი შეთანხმებებით, ვიტყოდი კარტელური შეთანხმებები, რასაც ისინი ცდილობენ, ვერ მიიღწევა,“ – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ სამინისტროს კონტროლის და რეგულირების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ლექვინაძის თქმით კი, მათ დაიწყეს ფასების ზრდის წინასწარი შესწავლა და თუ დომინანტური კომპანიები ამოვლინდება, მოკვლევის დაწყების შემთხვევაში, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც მდგომარეობის გამოყენება მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესების კუთხით. ამაზე კი შესაბამისი ფულადი ჯარიმაა გათვალისწინებული.

რაც შეეხება ფარმაცევტული სექტორის პოზიციას, როგორც ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, წამლები თირქეთში 33,6%-ით გაძვირდა, რაც ფასზე აუცილებლად აისახებოდა.

მისი მეორე არგუმენტი ასეთია: თურქეთიდან მედიკამენტების ექსპორტი ოფიციალურად შეიზღუდა, რამაც ამ ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქცია გააძვირა. ამასთან, მარგველაშვილი ხაზს უსვამს, რომ იმ მედიკამენტების ღირებულება, რომლებზეც რეფერენტული ფასები არ მოქმედებს, არ არის რეგულირებადი.

„თურქეთიდან, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასი რეგულირებადი არ არის. დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს, თუ რამდენიმე კომპანია შეთანხმებულად, გარიგების ხასიათის ქმედებით აძვირებს წამალს, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ისინი შეთანხმდნენ ფასის ერთდროულ მომატებაზე, რადგან ერთმანეთთან აქვთ აქტიური და ხანდახან აგრესიული კონკურენციაც კი,“ – აცხადებს მარგველაშვილი.

jandacva.ge

Businesspartner