ჯანდაცვა
09/11/2022

ინსულტის და ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება

ინსულტის და ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 11 მლნ ლარის ფარგლებში დაფინანსდება, - ამის შესახებ განმარტება ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

„გადაწყვეტილება ეხება საყოველთაო ჯანდაცვაში რეაბილიტაციის პროგრამის შეყვანას, რომელიც მოცულობითია. ინსულტის და ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას დაახლოებით 11 მლნ ლარის ფარგლებში დავაფინანსებთ. წლის განმავლობაში დაახლოებით 6 000 შემთხვევა გვაქვს და ამ შემთხვევებზე, იმ კლინიკებში, სადაც რეაბილიტაციას ჩაიტარებენ, მკურნალობას ჩვენ დავაფინანსებთ. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პრევენციაზე, როცა ინსულტის შემთხვევაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა რეაგირებას მაქსიმალურად სწრაფადვე მოახდენს და ჩვენების მიხედვით მიიყვანს იმ კონკრეტულ კლინიკებში, სადაც მათ ოპერატიულად დაეხმარებიან, ასევე, შემდეგი გართულებები, რასაც შეიძლება რეაბილიტაცია დასჭირდეს ან შესაძლოა საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მივიდეთ, ამის პრევენციასაც მოვახდენთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ამოქმედდება ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისა და თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის პროგრამა, რაც პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს, დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თავიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება. პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს. ინსულტის, თავის და ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის კომპონენტის 1 თვის ბიუჯეტი 919 250 ლარს შეადგენს. პროგრამების წლიური ბიუჯეტი კი 11 მილიონი ლარია.

 

Businesspartner