ჯანდაცვა
02/03/2023

ჯანდაცვის სამინისტრო "საყოველთაო ჯანდაცვაში" კლინიკების დამატების შეჩერების მიზეზებს განმარტავს

ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკების დამატების პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
 
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პროგრამაში კლინიკებისა და სერვისის მიმწოდებლების რეგისტრაცია/დამატება, 2023 წლის 31 დეკემბრამდე, დროებით შეჩერდა და ამ გადაწყვეტილების მიზანი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, გაუმჯობესებული სერვისების მიწოდება და პროგრამაში ჩართულ დაწესებულებათა ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრაა.
 
“ამ პერიოდში სამინისტრო ვალდებულია შეიმუშაოს კრიტერიუმები და სტანდარტები, რომლითაც პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის, სამართლიანი და კონკურენტული პირობები განისაზღვრება. პროგრამაში უკვე ჩართული ყველა კლინიკა, ვალდებულია შეინარჩუნოს ის სერვისები, რომელსაც პროგრამის ფარგლებში ახორციელებდნენ.
 
შეზღუდვა არ ვრცელდება ზოგადი ანესთეზიით სტომატოლოგიური მომსახურებასა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციაზე. შესაბამისი მთავრობის დადგენილება მიმდინარე წლის 21 თებერვლიდან შევიდა ძალაში,” – ნათქვამია განცხადებაში.
 
აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით jandacva.ge-მ ინფორმაცია 22 თებერვალს გაავრცელა.
 
ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაია მახარაშვილმა ივარაუდა, რომ მორატორიუმის გამოცხადება უკავშირდება იმ ახალი სტანდარტების ამოქმედებას, რომელიც რეანიმაციის მიმართულებით სექტემბრიდან უნდა შევიდეს ძალაში, შემდეგ კი მას ქირურგიული სტანდარტების ამოქმედება მოჰყვება. შესაბამისად, შესაძლოა, ჯანდაცვის სამინისტრომ სწორედ ამ ვალდებულებების ამოქმედებამდე შეაჩერა ახალი მიმწოდებლების დამატება საყოველთაო ჯანდაცვაში, რადგან მათი შემოწმება მოგვიანებით ისევ მოუწევს. მაია მახარაშვილმა არ გამორიცხა, რომ მორატორიუმი სელექტიური კონტრაქტირების მოსალოდნელ ამოქმედებასაც უკავშირდებოდეს.
 
Businesspartner