ჯანდაცვა
23/02/2023

"კომპანია თავად გადაწყვეტს, რა ფასი დაადოს თავის წამალს"- ფარმაცევტული სექტორის პასუხი

ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასების ზრდას არ უარყოფენ, თუმცა აცხადებენ, რომ ეს კანონდარღვევა არ არის.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ილონა კოკიაშვილის შეფასებით, ფასნამატს კანონი არ ზღუდავს და კომპანიებს ამ გადაწყვეტილებით არ  დაურღვევიათ რეფერენტული ფასების შესახებ სამინისტროს ბრძანება.

„შესაძლოა, გადაფასების პერიოდში მოხდა რიგ მედიკამენტებზე ფასების არასწორად დადგენა ან ცვლილება, მაგრამ ესაა ცოცხალი სამუშაო პროცესი. იმ მედიკამენტებზე, რომელზეც არაა დაწესებული რეფერენტული ფასი, თავისუფალი ბაზრის პრინციპებია დარჩენილი და ყველა კომპანია თავად გადაწყვეტს რა ფასი დაადოს თავის წამალს,“- განაცხადა კოკიაშვილმა.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით კი, გათვალისწინებულ უნდა იქნას ის გარემოება, რომ 2022 წლის 13 დეკემბერს თურქეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მედიკამენტების ფასების 36.7 პროცენტით მომატებაზე, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებას უკავშირდება.

მისივე თქმით, მედიკამენტები თურქეთში ისედაც გაძვირდა და ასევე გაუარესდა ხელმისაწვდომობა ექსპორტზე ანუ მნიშვნელოვნად შეიზღუდა თურქეთიდან წამლების გატანა სხვა ქვეყნებში. ამან კი, მისივე განმარტებით, პროცესები გააძვირა, რაც წამლის ფასზე აისახება.

მარგველაშვილის თქმით, ერთერთი გამოსავალია ის, რომ დარეგულირდეს ფასნამატი მომწოდებლის და საბითუმო რეალიზატორის ფასნამატზე.

„მაშინ აღარ იქნება საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ 200 % დაამატა და ვიღაცამ – 300. ფიქსირებული იქნება, რამდენი დაამატოს,“- განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასების ზრდის შესახებ განცხადება ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ საღამოს გაავრცელა. უწყების ცნობით, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა.

“წინასწარი შეფასებით, ფასების ერთდროულად გაზრდის პროცესში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი, მაქსიმალური მოგების მიღების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, თურქეთიდან მედიკამენტები პარალელური იმპორტით, გამარტივებული რეჟიმით შემოვიდა, რამაც საქართველოში წამლების ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა. აქედან გამომდინარე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, ევროპულთან შედარებით, ბევრად იაფი ღირს. შესაბამისად, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, თურქული წამლების ფასის ხელოვნური ზრდა, მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რადგან ეწინააღმდეგება სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, წამლებზე სამართლიანი ფასის დაწესების გზით,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

jandacva.ge 

Businesspartner