boxrox.com
ჯანდაცვა
25/10/2022

მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის გაზრდის მიზნით სტრატეგია მზადდება

საქართველოს ახლო მომავალში ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის სტრატეგია ექნება. დოკუმენტზე მუშაობა ჯანმოს საქართველოს წარმომადგენლობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 7 თვის წინ დაიწყო.

სტრატეგიის მომზადებაში სხვადასხვა სექტორია ჩართული.

დოკუმენტის მიზანია „მთავრობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიზანმიმართული და კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა მოსახლეობის რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაში ჩართულობის დონის ამაღლებისთვის, რათა გაუმჯობესდეს ინდივიდის და მოსახლეობის ჯანმრთელობა, სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა.“

დოკუმენტის თანახმად, 2030 წლისთვის არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი 15%-ით უნდა შემცირდეს მოზარდებსა და ზრდასრულებში.

პარლამენტის სპორტის კომიტეტის მოწვეული კონსულტანტის ანატოლი კორეპანოვის განცხადებით, სტრატეგიის დამტკიცების მიზანია, სახელმწიფომ მოახერხოს რესურსის მობილიზაცია, ასევე სხვადასხვა უწყების ჩართვა სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში, მათ შორის ადგილობრივ დონეზე.

მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით უნდა გაკეთდეს ის, რომ დამტკიცდეს გაიდლაინები, ასაკობრივი თუ სხვა კრიტერიუმების მიხედვით, რა დონის ფიზიკური დატვირთვაა აუცილებელი კონკრეტული ადამიანისთვის.

„პირველად კონსულტაციაზე ექიმმა პაციენტს  უნდა უთხრას, რა სახის და ინტენსივობის ფიზიკური აქტივობით უნდა დაკავდეს. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს სპორტული ობიექტების სერვისები. საქართველოში ეროვნულ დონეზე დამტკიცებული არ არის, თუ რა სიხშირით უნდა დაკავდეს ადამიანი ფიზიკური აქტივობით,“ – განმარტა კორეპანოვმა.

რაც შეეხება სხვა სამინისტროებს, ექსპერტის განმარტებით, სხვადასხვა სპორტული ობიექტის მშენებლობამდე აუცილებელი უნდა იყოს კონსულტაციების გამართვა კერძო სექტორთან.

„ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა კომპანიას და მინდა გითხრათ, ბიზნესს აქვს მზაობა, განახორციელოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, თუმცა მას ამისთვის ხელშეწყობა სჭირდება – მაგალითად, თუ ის აუზს ააშენებს, მუნიციპალიტეტმა მიწა უნდა მისცეს, სანაცვლოდ კი გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის კომპანია შეღავათებს დააწესებს. გვინდა ჩავდოთ კანონპროექტში, რომ სანამ სპორტული ობიექტის მშენებლობის საკითხს გადაწყდება, აუცილებელია კერძო ბიზნესთან კომუნიკაცია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა გავზარდოთ ფიზიკური აქტივობის დონე ქვეყანაში,“ – განაცხადა ანატოლი კორეპანოვმა.

მისივე თქმით, 2012-2021 წლებში სახელმწიფომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 370 მილიონამდე ლარი დახარჯა, 2022-2025 წლებში კი ამ მიზნით  580 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. თუმცა, ექსპერტის შეფასებით, არცერთი ეს პროექტი არ არის გაკეთებული საჯარო და კერძო პარტნიორობის ფარგლებში, რაც უნდა შეიცვალოს.

მისივე თქმით, საქართველში სიკვდილიანობის 94% გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით (გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური, ქრონიკული რესპირაციული დაავადებები და დიაბეტი). არაგადამდები დაავადებების გამომწვევ მიზეზებს შორის კი 12%-ის შემთხვევაში არასაკმარისი ფიზიკური აქტივობაა.

„კვლევებით გამოჩნდა, რომ არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის მიზეზად მოსახლეობის უმეტესობა დროის უქონლობას ასახელებს, ფინანსურ პრობლემებს კი ამის მიზეზად მხოლოდ 10% აფიქსირებს.

ფიზიკური აქტივობის ზრდისთვის არ არის აუცილებელი დარბაზებში სიარული, საკმარისია ფეხით სეირნობა, სამსახურში ფეხით წასვლა, ველოსიპედით სიარული. შესაძლებელია, სახლშიც პირობებშიც ვიყოთ აქტიურები. უნდა შეიცვალოს ადამიანების დამოკიდებულება. მოსახლეობას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რა უარყოფით შედეგებამდე მივდივართ, თუ არ ვართ ფიზიკურად აქტიურები. ასევე აუცილებელია, დამსაქმებლებმაც იზრუნონ დასაქმებულთა ფიზიკურ აქტივობაზე. მე ვიცი კერძო ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომლებისთვის „ფიტპასს“ ყიდულობენ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ფიზიკური აქტივობის ზრდა აუმჯობესებს ადამიანის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და, შესაბამისად, ზრდის მისი შრომის პროდუქტიულობას,“- განაცხადა ანატოლი კორეპანოვმა.

ცნობისთვის: 2016 წელს არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების პოპულაციური კვლევით გამოვლინდა, რომ 18-დან 69 წლის ასაკში მოსახლეობის 82,4% არ არის ინტენსიურად დატვირთული ფიზიკური აქტივობით (კაცები – 72.2%, ქალები – 91.8%).

Businesspartner

მთავარი სიახლეები