ჯანდაცვა
21/10/2022

რა სანქციები დაეკისრებათ კლინიკებს DRG მოდელით განსაზღვრული წესების დარღვევაზე

კლინიკებისთვის დაფინანსების წესი იცვლება. DRG მოდელის ამოქმედებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება პაციენტის დიაგნოზით, ასაკით, გეოგრაფიული ლოკაციით და სხვა. 

"პირველ რიგში ყველაზე დიდი ცვლილება განხორციელდა ჰოსპიტალებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ნაწილში. თუ აქამდე იყო ასეთი მიდგომა, მაგალითად, როდესაც პაციენტი შედიოდა ჰოსპიტალში, იმის მიხედვით, თუ რომელი ჩარევა სჭირდებოდა, ეს იყო ოპერაცია, რეანიმაციული მკურნალობა თუ სხვა, ყველა პაციენტისთვის ინდივიუალურად განისაზღვრებოდა გადახდის ოდენობა. რიცხვებში რომ ვთქვათ, დაახლოებით 3 000-მდე განფასებული კოდი იყო, შემდეგ იყო ამ კოდების კომბინაცია, საერთო ჯამში დაახლოებით 100 000-ზე მეტი კომბინაციით იხდიდა სახელმწიფო ამ გადასახადს. DRG სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ ეს კოდების რაოდენობა დაახლოებით 600-მდე შემცირდება. ანუ, ნებისმიერი პაციენტის, კონკრეტული დიაგნოზით შესვლის შემთხვევაში, სახელმწიფო კლინიკას ერთი და იგივე თანხას აუნაზღაურებს, იმის მიუხედავად, რომელ კლინიკაში ჩაიტარებს პროცედურას. ყველა პაციენტს ერთი და იგივე ტარიფით მოუწევს გადახდა. პაციენტს ზუსტად ეცოდინება თანხა, რისი დაფარვაც მოუწევს. ოღონდ, ეს თანაგადახდა იქნება განსაზღვრული მხოლოდ საყოველთაოს პრინციპის თანაგადახდით, ეს არის 10, 20 და მაქსიმუმ 30%. კლინიკას უფრო მეტის დაწესება არ შეუძლია. აქამდე იყო სიტუაცია, როდესაც კლინიკა პაციენტებს ახდევინებდა კონკრეტულ ჩარევებზე ან ვითომ გაუმჯობესებული მომსახურების ღირებუელებას, ან VIP პალატის ღირებუელბას, ასევე ახდევინებდნენ მოწვეული ექიმის თანხასაც. პაციენტს არცერთი თეთრის დამატებით გადახდა აღარ მოუწევს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა. 

მისი თქმით, იქნება მკაცრი კონტროლის მექანიზმები. კლინიკების მხრიდან წესის დარღვევის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე განისაზღვრება ჯარიმა, განმეორებისას კი, ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან მოიხსნებიან. 

"ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ. პირველ ჯერზე თუ დაფიქსირდება შემთხვევა, დადასტურდება და რეგულირების სააგენტო გამოწერს ჯარიმას, ეს იქნება კონკრეტული პაციენტის მიერ გადახდილი თანხის სამმაგი ოდენობა. მეორე შემთხვევაში, ჩვენ უკვე შეგვიძლია კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გავთიშოთ. ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვა დაახლოებით 80%-ს ფარავს, შესაბამისად, კლინიკა თუ გაეთიშება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, მას შეიძლება იმდენად სერიოზული ზარალი მიადგეს, ფაქტობრივად არ უღირს სესის დარღვევა. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა პაციენტის, ყველა ჩარევის გადამოწმება ფაქტობრივად შეუძლებელია. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი იქნება პაციენტების აქტიურობა", - აცხადებს ილია ღუდუშაური "ბიზნესპარტნიორის" გადაცემაში. 

ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვაში 300-მდე კლინიკაა ჩართული. 

 

 

Businesspartner