მსოფლიო
18/03/2020

ADB-ი პანდემიის ფონზე ეკონომიკას $6.5 მლრდ-ით ასტიმულირებს

აზიის განვითარების ბანკი კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ 6.5 მლრდ დოლარს გამოყოფს.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში განმარტავენ, რომ თანხა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლი განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლადაა გათვალისწინებული.

“პანდემია მთავარ გლობალურ კრიზისად იქცა და მძლავრი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე. ჩვენს განვითარებად წევრ ქვეყნებთან ერთად, ვადგენთ აგრესიული ნაბიჯების გეგმას პანდემიის დასამარცხებლად, რათა დავიცვათ რეგიონის მოსახლეობა, განსაკუთრებით მისი ღარიბი და მოწყვლადი ნაწილი და უზრუნველვყოთ ეკონომიკის სწრაფი დაბრუნება ჩვეულ კალაპოტში. ჩვენს წევრებთან და პარტნიორ ინსტიტუტებთან დახურული მოლაპარაკების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება 6.5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ, რათა დავაკმაყოფილოთ წევრი ქვეყნების გადაუდებელი საჭიროებები”,- განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ.

პრეზიდენტმა ასაკავამ აქვე აღნიშნა, რომ 6.5 მილიარდიანი პაკეტის გარდა, ADB მზადაა საჭიროების მიხედვით მის წევრებს დამატებით ფინანსური და საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს.

როგორც აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოყოფილი ძირითადი პაკეტი მოიცავს დაახლოებით 3.6 მილიარდ აშშ დოლარს სუვერენული ოპერაციებისთვის პანდემიის წინააღმდეგ რიგი საპასუხო ქმედებების დასაფინანსებლად ჯანდაცვის სისტემაში და ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად; ხოლო 1.6 მილიარდი აშშ დოლარი მოხმარდება კერძო სექტორის ოპერაციებს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, შიდა და რეგიონული ვაჭრობის დაფინანსებას და ასევე ხელმისაწვდომი იქნება კომპანიებისთვის, რომელთაც პირდაპირი ზარალი მიიღეს. ADB ასევე მობილიზებას გაუკეთებს დაახლოებით 1 მილიარდ
შეღავათიან რესურსებს მიმდინარე პროექტებიდან და პროექტების გაუთვალისწინებელი ხარჯებიდან. ასევე გამოყოფს 40 მილიონ აშშ დოლარს ტექნიკური დახმარებისა და სწრაფი გრანტებისთვის.

Businesspartner