მსოფლიო
01/06/2023

Amazon-ის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

Amazon-ის თანამშრომელთა ნაწილმა საპროტესტო გამოსვლა მოაწყო. მათი პროტესტი რამდენიმე საკითხს შეეხება. მათ შორისაა ელექტრონული კომერციის გიგანტის მიერ თავისი კლიმატის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა, თანამდებობებიდან გათავისუფლებისა და ოფისში დაბრუნების პოლიტიკა.

Amazon-ის სიეტლის შტაბ-ბინასთან 100-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ჯგუფი სკანდირებდა "ემისიები იზრდება, მოქმედების დროა!" „დავდგეთ ერთად, არ დავბრუნდეთ!"

აქტივისტთა ჯგუფის ორგანიზატორები (რომელიც ცნობილია როგორც Amazon Employees for Climate Justice (AECJ) აცხადებენ, რომ კომპანიის 1,900-ზე მეტმა თანამშრომელმა პირობა დადო, რომ პროტესტს შეუერთდება.

"მე აქ ვარ, რათა მხარი დავუჭირო ყველას Amazon-ში, ვისაც სჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია უკეთესის გაკეთება. ჩვენ შეგვიძლია უკეთესად ვიმოქმედოთ გარემოზე, შეგვიძლია გავაკეთოთ პირადი არჩევანი და შევინარჩუნით ოჯახსა და სამუშაოს შორის ბალანსი. ეს ძალიან მარტივია", - ამბობს „ამაზონის“ ერთ-ერთ თანამშრომელი კევინ ფრეიტასი.

AECJ-ის წარმომადგენლების განმარტებით, პროტესტი კვლავ მოჰყვება იმ ნაბიჯებს, რომლებმაც Amazon-ი "არასწორი მიმართულებით წაიყვანეს“. კომპანიამ ახლახანს გააუქმა მიზანი, რომ მისი ყველა გადაზიდვა 2030 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვის მიმართ ნულოვანი ყოფილიყო.

ასევე, Amazon-მა ბოლო თვეებში 27,000 თანამდებობის შემცირების შესახებ გამოაცხადა, რაც მისი კორპორატიული მუშახელის 9%-იანი კლებაა. 1 მაისამდე სამუშაო ადგილებზე დაბრუნების განკარგულებამ პერსონალის დაბნეულობა გამოიწვია იმის თაობაზე, გადაეტანათ თავიანთი სახლები სამსახურთან უფრო ახლოს თუ შემცირებაში მოყვებოდნენ.

განცხადებაში, Amazon-ის სპიკერმა ბრედ გლასერმა თქვა, რომ კომპანია მტკიცედ ცდილობს შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვი.

მისივე თქმით, Amazon უსმენს თანამშრომელთა მოთხოვნებს და კმაყოფილია მათი ოფისში დაბრუნებით.

ბოლო წლებში მსგავსი შინაარსის არაერთი საპროტესტო აქცია ჩატარდა. მათ შორის 2019 წელს, როდესაც Amazon-ისა და სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლებმა სან-ფრანცისკოსა და სიეტლში მსვლელობა გამართეს და განაცხადეს, რომ მათი დამსაქმებლები ძალიან ნელა ებრძოდნენ გლობალურ დათბობას.

Businesspartner