მსოფლიო
01/05/2021

Apple-ს მუსიკალურ ბაზარზე ანტიკონკურენციასა და ევროკავშირის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ

Apple-ს ევროკავშირის კონკურენციის წესების დარღვევაში ადანაშულებენ. BBC-ის ინფორმაციით, კონკრეტულად საქმე ეხება იმას, თუ როგორ მოქმედებს მისი App Store პოლიტიკა მუსიკაზე.

სარჩელი კომპანიის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2019 წელს შეიტანა Spotify-ს თანადამფუძნებელმა დანიელ ეკმა, რომლის თქმითაც, Apple არჩევანს ზღუდავს და ინოვაციებს ახშობს. ბრალდების საპასუხოდ, Apple-ი აცხადებდა, რომ მას არ მიუღია რაიმე საკომისიო Spotify- ის აბონენტების 99%-ზე.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Apple-ს დიდი ჯარიმა ემუქრება, ან იძულებული გახდება შეცვალოს თავისი პოლიტიკა, თუ მისი არგუმენტები მარეგულირებელ ორგანოებს ვერ დაარწმუნებს.

EC–ის განცხადებაში ნათქვამია, რომ Apple-ის წესები ამახინჯებს კონკურენციას მუსიკის სტრიმინგის ბაზარზე მუსიკალური პროგრამების დეველოპერების ხარჯების გაზრდით. ეს თავის მხრივ იწვევს მომხმარებლისთვის მაღალ ფასებს iOS მოწყობილობებზე.

"ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამართლიანი კონკურენტული ლანდშაფტისკენ, სადაც დომინანტური ბაზრის მოთამაშეები, როგორიცაა Apple, კონკურენციას უნდა უწევდნენ დამოუკიდებელ კომპანიებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

ევროკავშირისა და აშშ-ს მარეგულირებელ ორგანოებში Apple-ის წინააღმდეგ არაერთ მოკვლევას აწარმოებენ 30%-იანი საკომისიოს განაკვეთთან დაკავშირებით.

მსგავსი საჩივარი, მიმდინარე დავის ფარგლებში, Apple–ის წინააღმდეგ Epic Games- მაც შეიტანა. რის შემდეგაც, Apple- მა თამაში App Store-იდან ამოიღო.

მომავალ კვირას აშშ-ში იხსნება სასამართლო საქმე რომელიც ბევრ რამეს გაამჟღავნებს Apple-ის შიდა საქმიანობაში.

 

              

 

მთავარი სიახლეები