მსოფლიო
07/02/2023

ავიაკომპანიებს დაბინძურებისთვის უფრო მეტის გადახდა მოუწევთ - EU-ს ახალი კანონი

ენერგიის მოხმარება და წარმოება, წიაღისეული საწვავის დაწვისას ჰაერში გამოიყოფილი აირები და ქიმიკატები, ანუ დაბინძურებული ჰაერი, რომელიც გარდა იმისა, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა,  ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას, და მეტიც ამძაფრებს მას.

ევროკავშირის ქვეყნები ახალ კანონზე შეთანხმდნენ, რომელიც ავიაკომპანიებისთვის ემისიების გამოყოფაზე განკუთვნილი გადასახადის ზრდას გულისხმობს. შეთანხმება  წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას და ავიაციის სექტორზე ზეწოლას ისახავს მიზნად. 

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის მთავარი ტექნიკური მრჩეველი კახაბერ მდივანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მსოფლიო კლიმატის კრიზისში იმყოფება, შესაბამისად ქმედითი ნაბიჯებია საჭირო.

"ევროკავშირის გადაწყვეტილებ,ა რომ ამ მიმართულებით ავიაციის სექტორი იყოს ჩართული არის ერთ-ერთი სერიოზული წინ  გადადგმული ნაბიჯი. კლიმატის ცვლილების თავლსაზრისით, სათბური აირების გაფრქვევის შემცირება მნიშვნელოვანი თემაა, ვინაიდან ეს არის ერთადერთი გზა კრიზისიდან გამოვიდეთ. ვიცით, რომ ევროკავშირის მიზანია 2050 წლისთვის კარბონეიტრალური გახდეს და 2030 წლისთვის 55%-ით შეამციროს კლიმატის ცვლილების გამომწვევი აირების გაფრქვევა თავის ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი ჯამურად გამოიხატება იმაში, რომ ყველა სექტორმა მათ შორის ავიაციის, ამ პროცესსში  მონაწილეობა უნდა მიიღოს. გადასახადების დაწესება იქნება თუ სხვადასხვა საინტერესო პაკეტების შეთავაზება ბიზნესსექტორისთვის, მიგვიყვანს ამ მიზნის შესრულებამდე - დავძლიოთ ერთად კლიმატის ცვლილების კრიზისი.

ისტორიულად გვაქვს გამოცდილება, რომ ავიაციის სექტორმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ემისიების შემცირებაში სხვადასხვა სექტორში, ვინაიდან მათ შეისყიდეს სხვადასხვა სექტორიდან შემცირებული ემისიები. სავარაუდოდ, ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება და წახალისდება ამ კანონის ფარგლებში, შესაბამისად სხვა ბიზნეს სექტორს ექნება საინტერესო შეთავაზებები სწორედ ავიაციის სექტორთან სათანამშრომლოდ."-ამბობს კახაბერ მდივანი.

ამასთან, მისივე თქმით, ავიაციის სექტორი ფაქტპბრივად, განიხილება ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მოთამაშედ თავისი ფინანსური შესაძლებლობებით, ასევე გარდაუვალობით, რომ ისინი საწვავზე არიან დამოკიდებული და ამ საწვავის ჩანაცვლება დღეს სხვა რესურსით შეუძლებელია. ერთადერთი გზა, რაც მათ რჩებათ არის ის , რომ ის ემისიები რაც ფრენის დროს აქვთ, ჩანაცვლდეს ან შეივსოს იმ მწვანე ალტერნატივებით, რასაც სხვა პარტნიორი ორგანიზაციები წარმოქმნიან.

"ავიაციის წილი ემისიებში საკმაოდ სოლიდურია. მართალია საერთაშორისო ფრენები ასე თითოეულ ქვეყანას არ ეთვლება ემისიად, მაგრამ ის ჩვენს პლანეტაზე ხდება და შესაბამისად, კლიმატის ცვლილებაში ისევე იღებს მონაწილეობას როგორც სხვა გაფრქვევები.  ასე რომ ამ სეგმენტის ბიძგით, გადადგას ქმედითი ნაბიჯები არის ის უნიკალური საშუალება, რომ სხვა ბიზნესსექტორები იყოს ჩათრეული პროცესში, ჩათრეული ყველაზე საუკეთესო გაგებით, მოხიბლული იმ ინვესტიციით, რითაც საავიაციო სექტორი მათთან შევა."- აღნიშნავს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის მთავარი ტექნიკური მრჩეველი.

ავიაკომპანიებს,  ევროკავშირის ნახშირბადის ბაზრიდან ემისიების გამოყოფისთვის ნებართვების ყიდვა უწევთ. თუმცა ემისიებზე უფასო ნებართვები, რითაც ევროკავშირის  ავიახაზების  უმეტესი ნაწილი სარგებლობს, მალე გაუქმდება. აღნიშნული 2024 წელს 25%-ით, ხოლო 2025 წელს 50%-ით შემცირდება. რაც ნიშნავს, რომ 2026 წლიდან ავიახაზებს CO2-ის გამოყოფისთვის ევროკავშირის ნახშირბადის ბაზრიდან ნებართვების ყიდვა დასჭირდებათ.

"ტურიზმის ალიანსის" დამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ  კოვიდ კრიზისმა ყველაზე დიდი ზიანი  საავიაციო  სისტემას მიაყენა და ბუნებრივია შეიცვალა რეალობა, ძლიერმა ავიაკომპანიებმა დაიწყეს უფრო აქტიურად მუშაობა. საავიაციო სექტორი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალ სტრატეგიაზე მუშაობს. 

"ის გადასახადები რომელიც ბუნების დაბინძურებასთან დაკავშირებით დაუწესდებათ არის გამოძახილი იმ კრიზისების, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. დიდი ავიაკომპანიები იკრიბებიან და მსჯელობენ  თემებზე თუ როგორ დაძლიონ ეს დიდი კრიზისი.

მდგრადობის თემა, 2023-24 წლებში რაც კი რამე არის დაგეგმილი ამ სფეროში, თითქმის ყველაფერი ამას ეხება, მათ შორის გადაიარაღება. 

დამატებითი გადასახადების გამო ავიაკომპანიებს მოუწევთ ხარჯების სხვა სტრატეგიის მოფიქრება და იმედი გავქვს, ბაზრის მთავარი მოთამაშეები მოიფიქრებენ ისეთ გამოსავალს საფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომ მათ ბრუნვებსა და შემოსავლებს დიდი დარტყმა არ მიადგეთ. "-აცხადებს თამუნა თანდაშვილი.

 

Businesspartner