ფოტო: TheNewYorker
მსოფლიო
07/08/2021

Bloomberg: იაფი გაზის ეპოქა დასრულდა

იაფი გაზის ეპოქა დასრულდა - ასე აფასებს Bloomberg-ი მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებას და წერს, რომ მოთხოვნამ, ერთ დროს მარტივად წვდომად საწვავზე,  მკვეთრად გადააჭარბა შეთავაზების მოცულობას, რამაც მთელ მსოფლიოში ფასების ზრდა განაპირობა.

Bloomberg-ი  წერს, რომ ბოლო ათწლეულში ბუნებრივი გაზი იყო უხვი და იაფი, თუმცა ახლა, მას შემდეგ, რაც აშშ-დან ავსტრალიაში გაზის მიწოდება შეწყდა და აზიური ქვეყნების მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა, ფასებმა მკვეთრად მოიმატა. მაგალითად, ევროპაში გასული წლის მაისიდან გაზის ფასი 1000%-ით არის გაძვირებული.

ფასების ზრდა მსოფლიო ეკონომიკაზე აისახება და ინფლაციის რისკებს გაზრდის. გაიზრდება თბოსადგურების და ნავთობქიმიური წარმოების ხარჯები, რაც სპირალურად სხვა სექტორებს და მომხმარებლებს გადაეცემათ.

ანალიტიკურ-საკონსულტაციო კომპანიის Macro-Advisory-ში უახლოეს პერიოდში გაზის გაიაფებას არ პროგნოზირებენ, უფრო მეტიც, კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი კრის უიფერი მიიჩნევს, რომ „ფასები უფრო მაღალი გახდება გრძლევადიან პერსპექტივაში“.

იმ ფაქტორებს შორის, რომლებმაც გავლენა მოახდინეს გაზის ფასების ზრდაზე, არის ერთჯერადი ფაქტორები - გამოწვეული კორონავირუსის მიწოდების ჯაჭვის დარღვევა და პანდემიის გავლენისგან ეკონომიკური აღდგენის ტემპი. თუმცა, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გარდა ამისა, ფასებზე გავლენა იქონია  მრავალი ქვეყნის მიერ ენერგეტიკული სტრატეგიის გადახედვამ - მათ გადაწყვიტეს გაზზე გადასვლა, რათა სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით  დაეწყოთ ნახშირბადის ემისიების შემცირება.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, 2024 წლისთვის ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 7% გაიზრდება, პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით, McKinsey & Co-ს შეფასებით კი, 2035 წლამდე ყოველწლიურად მოთხოვნა 3.5%-ით გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ გუშინდილიდან, მიუხედავად ზაფხულის პერიოდისა, ევროპაში გაზის ფასი რეკორდებს ხსნის. უახლოეს ფიუჩერსების ფასი 1000 კუბ.მეტრზე 550 დოლარია, გაზის სექტემბერში მიწოდების პირობით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები