მსოფლიო
25/03/2020

COVID-19-ის ეკონომიკური ტვირთი – OECD-ი მასშტაბურ კრიზისს ელის

საერთაშორისო ორგანიზაცია OECD (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო მიყენებული ზიანის აღსადგენად მსოფლიოს წლები დასჭირდება.

ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანხელ გურიამ BBC-თან ინტერვიუში ორგანიზაციის პროგნოზებზე ისაუბრა. ორგანიზაციის გათვლებით, მიმდინარე მოვლენები გლობალური ეკონომიკური ზრდის მინიმუმ 1.5%-იან შემცირებას გამოიწვევს.

გენერალური მდივანი ირწმუნება, რომ კორონა ვირუსის მიერ მსოფლიოსთვის მიყენებული ზიანი უფრო მასშტაბურია, ვიდრე ეს 2008 წელს დამდგარი გლობალური ფინანსური კრიზისი იყო.

„არ ვიცით, რამდენი დრო დასჭირდება სამუშაო ადგილების აღდგენას, რადგან ჯერ ისიც არ ვიცით, რამდენი ადამიანი დარჩება საბოლოოდ უმუშევარი. ასევე უცნობია რა დრო დასჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესის ფეხზე დადგომას. ისინი უკვე საგრძნობლად დააზარალა COVID 19-მა“,- აღნიშნა გურიამ BBC-სთან.

საერთაშორისო გამოცემის ცნობით, OECD შემაშფოთებლად მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთ ქვეყანას სახელმწიფო ვალი მძიმე ტვირთად დააწვება.

Businesspartner