მსოფლიო
20/03/2023

Credit Suisse-ი UBS-მა იყიდა - შერწყმა წლის ბოლომდე დასრულდება

შვიცარიული ბანკი UBS კონკურენტ Credit Suisse-ს ყიდულობს. გარიგების ღირებულება 3 მილიარდი შვეიცარიული ფრანკია (3,23 მილიარდი აშშ დოლარი).

ამასთან, UBS დათანხმდა აანაზღაუროს 5,4 მილიარდ დოლარამდე ზარალი და თავიდან აიცილოს ბაზრის შემდგომი არეულობა გლობალურ ბანკინგში.

შეთანხმება შვეიცარიის მარეგულირებელი ორგანოების ჩართულობით იქნა მიღწეული. მათი მიზანია, თავიდან აიცილონ Credit Suisse-ის გამო ფართო ფინანსურ სისტემაში გაჩენილი ნდობის კრიზისი. გარიგება სავარაუდოდ 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

შვეიცარიული ბანკების შერწყმა ევროპასა და შეერთებულ შტატებში დაწყებული სექტორის მხარდასაჭერი მცდელობების ნაწილია. აშშ-ში ეს პროცესი Silicon Valley Bank-ისა და Signature Bank-ის დაშლის შემდეგ დაიწყო.

შვეიცარიის ფინანსთა მინისტრის თქმით, გლობალურად მნიშვნელოვანი ბანკის გაკოტრება ფინანსურ ბაზრებზე გამოუსწორებელ შედეგებს გამოიწვევდა.

„ამ მიზეზით, შვეიცარიას მოუწია პასუხისმგებლობის აღება საკუთარ საზღვრებს მიღმა პროცესებზეც. ამ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. ფედერალური საბჭო დარწმუნებულია, რომ UBS-ის მიერ Credit Suisse-ის ყიდვამ საფუძველი ჩაუყარა უფრო მეტ სტაბილურობას როგორც შვეიცარიაში, ასევე საერთაშორისო დონეზე“  - განაცხადა შვეიცარიის ფინანსთა მინისტრმა კარინ კელერ-სუტერმა.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, საკმარისია თუ არა ეს გარიგება მთელ მსოფლიოში კრედიტორების მიმართ ნდობის აღსადგენად.

შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ გარიგება ასევე მოიცავს 100 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (108 მილიარდი აშშ დოლარი) ლიკვიდურ დახმარებას UBS-ისა და Credit Suisse-ისთვის.

Credit Suisse-ის აქციონერები მიიღებენ UBS-ის ერთ აქციას Credit Suisse-ის ყოველ 22,48 აქციაზე, რაც ექვივალენტურია 0,76 შვეიცარიული ფრანკის თითო აქციაზე, საერთო ჯამში 3 მილიარდი ფრანკის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები