მსოფლიო
16/03/2023

Credit Suisse შვეიცარიის ცენტრალური ბანკისგან $54 მლრდ-ს ისესხებს

ციურიხში დაფუძნებული ბანკის Credit Suisse-ის აქციები აღდგა, მას შემდეგ რაც შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა სესხის გაცემა დაადასტურა.

Credit Suisse აცხადებს, რომ შვეიცარიის ცენტრალური ბანკისგან 54 მილიარდ დოლარამდე სესხს მიიღებს, რათა გააძლიეროს ლიკვიდურობა და ინვესტორების ნდობა მისი აქციების დაცემის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ პარალელურად, ბაზარზე გაძლიერებულია შიში გლობალური საბანკო კრიზისის შესახებ.

თავის განცხადებაში Credit Suisse განმარტავს, რომ გამოიყენებს შესაძლებლობას და ცენტრალური ბანკისგან 50 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკამდე (54 მილიარდი დოლარი) მოცულობის სახსრებს სესხად აიღებს.

მანამდე კი, შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ Credit Suisse-მა დააკმაყოფილა „სისტემურად მნიშვნელოვან ბანკებზე დაწესებული კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნები“ და რომ საჭიროების შემთხვევაში მას შეუძლია ცენტრალური ბანკის ლიკვიდობაზე წვდომა.

Credit Suisse არის პირველი მსხვილი გლობალური ბანკი, რომელსაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ გადაუდებელი დახმარება გაეწია. მისმა პრობლემებმა გააჩინა სერიოზული ეჭვი, შეძლებენ თუ არა ცენტრალური ბანკები ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლას საპროცენტო განაკვეთის აგრესიული ზრდით.

Credit Suisse-ის განცხადებამ ხელი შეუწყო აქციების ბაზრის ნაწილობრივ აღდგენას და ზოგიერთი მძიმე დანაკარგის დაბრუნებას.

ბანკის ევროპული აქციები ღია წინასწარ ვაჭრობის პირველივე საათებში 21%-ით გაიზარდა. აზიური აქციები კი დღის უმეტესი ნაწილის განმავლობაში მცირდებოდა, რადგან ინვესტორების ყურადღება ოქროს, ობლიგაციებისა და დოლარისკენ იყო მიმართული. ინვესტორებს კვლავ აშფოთებთ გლობალურ საბანკო დეპოზიტებზე შექმნილი პოტენციური რისკები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები