მსოფლიო
28/03/2023

დასავლური ბრენდების წასვლის შემდეგ, რუსები ჩინურ მანქანებზე გადადიან

დასავლური ავტომწარმოებლების ბაზრიდან გასვლამ რუს მომხმარებლებს ავტომობილების ფართო არჩევანი შუზღუდა.

Reuters-ის ცნობით, არსებულ სიცარიელეს ახლა ჩინელი ავტომწარმოებლები ავსებენ და რუსებს აიძულებენ, ჩინური ბრენდებისადმი თავშეკავება დაძლიონ და უფრო მაღალი ფასიც კი გადაიხადონ.

ჩინურ ბრენდებს, როგორებიცაა Haval, Chery და Geely, ახლა რუსეთში ახალი მანქანების გაყიდვებში თითქმის 40%-ი უჭირავს.  ანალიტიკური სააგენტო Autostat-ისა და საკონსულტაციო კომპანია PPK-ის მონაცემებმა აჩვენა, რომ 2022 წლის იანვარ-თებერვალში ეს მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლები იყო. გაყიდვები გაიზარდა მას შემდეგ, რაც Renault-მა, Nissan-მა და Mercedes-მა ბაზარი დატოვეს.

Reuters-ი რუსეთში ჩინური მანქანების რამდენიმე მყიდველს ესაუბრა - ფიზიკურ პირებსა და დილერებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ჩინური მანქანის ხარისხი დასავლურ კონკურენტ მანქანებზე დაბალია.

ინდუსტრიის ექსპერტების განმარტებით კი, ჩინელ მწარმოებლებს რეპუტაციის გაზრდა სჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე მათი წილი სწრაფად იზრდება.

ახლახანს, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ დეკემბერში ჩინეთში ვიზიტის შემდეგ, ჩინელ მწარმოებლებთან კარგი თანამშრომლობა დაამყარა და მომხმარებლების აღქმა ჩინურ მანქანებთან დაკავშირებით, მოძველებულია.

„მართალია, წარსულში ჩვენ ვიცინოდით მათი მანქანების ზოგიერთ დიზაინზე, მაგრამ ჩინეთში ადგილობრივი მანქანით წავედი სასეირნოდ და სხვებიც შევათვალიერე. პირდაპირ ვიტყვი: მანქანა, რომლითაც მე ვიარე, არ ჩამოუვარდებოდა მერსედესს“ - განაცხადა მედვედევმა.

დასავლური ავტომწარმოებლების უმეტესობამ კი, რომელიც აქამდე რუსული ბაზრის წილის მოსაპოვებლად იბრძოდა და 2000-იანი წლების დასაწყისში რუსეთში ქარხნების მშენებლობაც დაიწყო, ამ ბაზარზე ოპერირება თებერვალში დაასრულა.

კომპანიების უმეტესობამ რუსეთი უკვე დატოვა ან გასვლის პროცესშია, თუმცა, მარაგები ნაწილობრივ არსებობს და პარალელური იმპორტიც სახეზეა, ამიტომ ზოგიერთი კომპანიის მანქანა ამ დროისთვის გაყიდვაში რჩება.

აქამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ დაიწყებდა, ბაზრის ყველაზე მაღალი წილი Renault-სა და სამხრეთ კორეის Kia Corp-ს ეჭირა.

„ჩვენ მთელი ცხოვრება ვიცხოვრეთ ევროპულ, იაპონურ, ამერიკულ ბრენდებზე ორიენტირებულად და მხედველობაში არ ვიღებდით ჩინეთის ბაზარს, რომელიც წარმოუდგენელი ტემპით განვითარდა“, - ამბობს Altair-Auto-ს გენერალური დირექტორი ვლადიმერ შესტაკი, რომელიც ვლადივოსტოკში Mercedes-Benz-ისა და ჩინური Geely-ის სპეციალიზებული დილერია.

მართალია, ჩინური მანქანები სულ უფრო მეტად ავსებენ მანქანების ინდუსტრიაში არსებულ სიცარიელეს, მაგრამ რეპუტაციის ნაკლებობა პრობლემად რჩება.

„მათ აქ თითქმის აღარ ჰყავთ კონკურენტები. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი სწრაფად შეცვლის აზრს”- ამბობს ავტოინდუსტრიის ექსპერტი სერგეი ასლანიანი.

იანვარ-თებერვალში ჩინური ბრენდების ბაზრის წილმა 37,15%-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 9,48%-იანი ზრდაა. ვროპული, იაპონური და კორეული ბრენდების გაყიდვები 70%-დან 22.6%-მდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ მკვეთრი ცვლილებაა ახალი მანქანების გაყიდვებში - 2022 წელს ასეთი ავტომობილების გაყიდვა 58,8%-ით შემცირდა. გაზრდილია მოთხოვნა მეორად ავტომობილებზე.

თავის მხრივ, მზარდი თანამშრომლობის ნიშნად, ჩინური ავტომწარმოებელი Haval-ი ახლა მანქანებს ადგილობრივადაც აწარმოებს. მოსკოვში, საბჭოთა ეპოქის Moskvich-იც გაცოცხლდა და ძრავის ნაწილებსა და ინჟინერიას ჩინური JAC-ისგან ყიდულობს.

Businesspartner