მსოფლიო
22/09/2020

დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო ტურისტებისთვის Tax Free-ს აუქმებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გეგმამ, რომელიც წლის ბოლოსთვის საერთაშორისო ვიზიტორებისთვის დღგ-ს უკან დაბრუნების გაუქმებას ითვალისწინებს, შეიძლება ქვეყანას მილიარდობით ფუნტი დააკარგვინოს. 

კანცლერისადმი გაგზავნილ წერილში, ისეთი კომპანიების ხელმძღვანელები, როგორებიცაა Marks & Spencer, Heathrow და Selfridges, აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით 70 000 სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ დგება.

როგორც BBC-ის სტატიაშია აღნიშნული, დღგ-ს საცალო საექსპორტო სქემის (დღგ-ს რესურსებით) გათვალისწინებით, ვიზიტორებს შეუძლიათ დაიბრუნონ დღგ, რომელსაც იხდიან დიდ ბრიტანეთში შეძენილ პროდუქციაზე.

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის ასოციაციამ (AIR) კანცლერს მოუწოდა კიდევ ერთხელ გადახედოს "ამ დამანგრეველ გადაწყვეტილებას" სანამ დიდი ბრიტანეთი გახდება ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო ვიზიტორებს  დღგ-ს დაუწესებს. "ეს დააზიანებს ტურიზმს, საცალო ვაჭრობასა და დასვენების ინდუსტრიებს განსაკუთრებით ახლა, Covid-19- ის პერიოდში," – განმარტავს AIR–ის ხელმძღვანელი პოლ ბარნსი.

Mulberry-ს ჩანთების მწარმოებლის უფროსის ტიერი ანდრეტას თქმით, ეს გაერთიანებული სამეფოს კონტინენტურ ევროპასთან კონკურენტუნარიანობას დააკარგვინებს.

Visit Britain-ის მონაცემებით, საერთაშორისო ტურისტებმა შოპინგზე 2018 წელს დიდ ბრიტანეთში 6 მლრდ ფუნტი დახარჯეს, tax free-ზე ტურისტებმა 3,5 მლრდ ფუნტზე გააკეთეს განაცხადი და უკან 2,5 მლრდ ფუნტი დაიბრუნეს.

 

ფოტო: vatupdate.com

Businesspartner