მსოფლიო
23/03/2022

ფრანგული TotalEnergies წლის ბოლომდე რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს

ფრანგული ენერგეტიკული გიგანტი TotalEnergies წლის ბოლომდე რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს, თუმცა უარს არ ამბობს რუსული ბუნებრივი აირის იმპორტზე.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას CNN აქვეყნებს. 

"უკრაინაში ვითარების გაუარესების და ევროპისთვის მიწოდების ალტერნატიული წყაროების არსებობის გათვალისწინებით, TotalEnergies-მა ცალმხრივად გადაწყვიტა არ დადოს ან განაახლოს რაიმე კონტრაქტი რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვის შესახებ, რათა შეაჩეროს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ყველანაირი შესყიდვა. ეს უნდა მოხდეს მაქსიმუმ 2022 წლის ბოლომდე",- ნათქვამია განცხადებაში. 

თუმცა აქვე, ამერიკული გამოცემის ცნობით, კომპანია აპირებს, რომ გააგრძელოს რუსეთისგან ბუნებრივი აირის შესყიდვა. 

"ნავთობის მიწოდებისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, ევროპის გაზის ლოგისტიკური შესაძლებლობები ართულებს რუსული გაზის გარეშე მუშაობას მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში",- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც CNN ციტირებს. 

TotalEnergies-ში განმარტავენ, რომ ნავთობპროდუქტებს მოაბილიზებენ სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ საუდის არაბეთზე. 

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მონაცემებით, რუსულ ნავთობზე TotalEnergies-ის კონტრაქტები  რუსეთის დიზელის ექსპორტის 12%-ს შეადგენდა. 

Businesspartner