მსოფლიო
10/03/2023

გერმანია 5G ქსელებში Huawei-სა და ZTE-ის მიერ დამზადებული კომპონენტების გამოყენებას კრძალავს

გერმანია ტელეკომ ოპერატორებს 5G ქსელებში ჩინური კომპანიების - Huawei-სა და ZTE-ის მიერ დამზადებული კომპონენტების გამოყენებას აკრძალავს.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად.

გერმანული აკრძალვა შეიძლება გავრცელდეს ქსელებში უკვე ჩაშენებულ კომპონენტებზეც და ოპერატორებს მათი ამოღება და ჩანაცვლება მოსთხოვონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა უკვე დაადასტურა, რომ გერმანიის მთავრობამ (რომლის ტოპ სავაჭრო პარტნიორია ჩინეთი და ამ ურთიერთობის ფართო გადაფასების პროცესშია) სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმწოდებლებზე მიმოხილვა მოამზადა. თუმცა, ჩინური კომპანიების გარკვეული კომპონენტების გამოყენება ჯერ-ჯერობით არც ერთ კომპანიას არ აკრძალვია.

”მთავარი ცვლილება არის ის, რომ უსაფრთხოების პოტენციური რისკების მკაცრი შემოწმება გავრცელდება სატელეკომუნიკაციო ქსელებში არსებულ კომპონენტებზე. თუმცა, იმ ნაწილებზე, რომლებიც საჭიროებენ ქსელიდან ამოღებას და შეცვლას, ოპერატორები კომპენსაციას არ მიიღებენ“ - განაცხადა სპიკერმა.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული მიმოხილვა Reuters-მა მოიპოვა. ნაშრომში ნათქვამია, რომ კონკრეტულ მიმწოდებელს შეიძლება აეკრძალოს კრიტიკული დანიშნულების კომპონენტების მიწოდება, თუ ჩაითვლება, რომ ის პირდაპირ ან ირიბად კონტროლდება სხვა სახელმწიფოს მთავრობის მიერ.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა გერმანია ჩინურ კომპონენტებზე აკრძალვა სხვა ტექნოლოგიებზე გააფართოოს, კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ არ არსებობს „ერთიანი“ პასუხი.

„ეს ეხება არსებული კანონმდებლობის შესრულებას და ასევე, არსებობს ინსტიტუციური პასუხისმგებლობა. ყველა თავის საქმეს აკეთებს და სხვა არაფერია სათქმელი“, - განაცხადა შოლცმა.

კრიტიკოსები Huawei-სა და ZTE-ის შესახებ ამბობენ, რომ მათი მჭიდრო კავშირები პეკინის უსაფრთხოების სამსახურებთან ნიშნავს, რომ მომავლის მობილურ ქსელებში ამ ტექნოლოგიების გამოყენება, ჩინეთის ჯაშუშების ჩანერგვის ტოლფასია. გარდა ჯაშუშობისა, ეს ძირითად ინფრასტრუქტურაზე დივერსანტობის შესაძლებლობასაც აჩენს.

Huawei, ZTE და ჩინეთის მთავრობა ამის შესახებ გამოთქმულ ეჭვებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს მოსაზრებები სინამდვილეში, არაჩინელი კონკურენტების მხარდაჭერის პროტექციონისტული მიზნებით ვრცელდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები