მსოფლიო
16/09/2021

იტალიაში დასაქმებულებს სამსახურში კოვიდ-სერთიფიკატის წარდგენა მოუწევთ

იტალია პირველი ქვეყანა გახდება ევროპაში, სადაც კოვიდსერთიფიკატის ვალდებულება ყველა პროფესიის ადამიანებზე გავრცელდება, - ინფორმაციას 1tv.ge იტალიურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ვარაუდობენ, შესაბამის გადაწყვეტილებას იტალიის მთავრობა დღეს მიიღებს. ახალი წესი 15 ოქტომბრიდან შევა ძალაში. ამ რეგულაციის მიხედვით, ყველა სახელმწიფო და კერძო კომპანიის თანამშრომლებს სამსახურში გამოცხადებისას ე.წ. მწვანე სერტიფიკატის წარდგენა მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ 400-დან 1000 ევრომდე ჯარიმა დაეკისრებათ. თუ დასაქმებული 5 დღის განმავლობაში სამსახურში არ გამოცხადდება და შესაბამის მიზეზს ვერ დაასახელებს, დამსაქმებელს ექნება უფლება შეაჩეროს თანამშრომლის სამუშაო კონტრაქტი.

იტალიის მთავრობაში აცხადებენ, რომ მკაცრი ნაბიჯი ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისკენ არის მიმართული. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რთული მოლაპარაკებების პროცესი, რა დროსაც კოვიდსერთიფიკატების ვალდებულების შემოღების წინააღმდე არაერთი ბიზნეს ორგანიზაცია გამოდიოდა, თუმცა იტალიის პრემიერ მინისტრმა მარიო დრაგიმ პოზიცია არ შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბრიდან კოვიდსერთიფიკატის წარდგენა იტალიაში სავალდებულოა შიდა ავიარეისების, მატარებლების, ავტობუსებისა და ბორანის მგზავრებისთვის, ასევე სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებისთვის.

1tv.ge

Businesspartner