მსოფლიო
16/02/2023

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი თანამდებობას ივნისში დატოვებს

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი თანამდებობას ივნისში დატოვებს - დევიდ მალპასმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თუმცა კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია.

მალპასი თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.

"ფისკალური წლის ბოლომდე ჩვენ ვიქნებით კარგად პოზიციონირებულნი, რათა უფრო მკაფიოდ გამოვავლინოთ მდგრადობა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მისიაში, გავაერთიანოთ მისია რესურსებთან და შევქმნათ ეფექტური ევოლუცია, რათა გაიზარდოს ინსტიტუტის გავლენა ადამიანებზე,"- დაწერა მან LinkedIn-ზე გაზიარებულ განცხადებაში.

მალპასი, რომელიც სკეპტიკურად იყო განწყობილი სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ, დიდი ხანია განიხილებოდა, როგორც საკამათო არჩევანი მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს თეთრმა სახლმა მას საყვედური გამოუცხადა, კლიმატის ცვლილებების შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. ის ამბობდა, რომ  არ იცოდა, წიაღისეული საწვავი იყო თუ არა კლიმატის ცვლილების გამომწვევი.

მოგვიანებით მან ბოდიშიც მოიხადა ამ განცხადებებისთვის.

აშშ-ს სახაზინო მდივანმა ჯანეტ იელენმა, რომელიც მსოფლიო ბანკსა და განვითარების სხვა ბანკებში რეფორმებს ახორციელებდა, მადლობა გადაუხადა ბატონ მალპასს გაწეული სამსახურისთვის.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი კოლექტიური ამბიციების ამაღლება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, პრეზიდენტ მალპასის მმართველობის პერიოდში მსოფლიო ბანკმა მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს ამ სფეროში", - განაცხადა იელენმა. 

მისი თქმით, აშშ მალე წამოაყენებს ახალ კანდიდატს ბანკის სათავეში.

ცნობისთვის, აშშ არის მსოფლიო ბანკის უმსხვილესი აქციონერი და მისი დაფინანსების ძირითადი წყარო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები