მსოფლიო
12/08/2021

მსოფლიოში "აუცრელთა პანდემია" დაიწყო – არავაქცინირებულები უპრეცედენტო საფრთხის წინაშე

კაცობრიობის ისტორიაში უმსხვილესი მასშტაბის ვაქცინაცია გრძელდება. Bloomberg-ის მონაცემებით, 183 ქვეყანაში უკვე 4,56 მილიარდ დოზაზე მეტი ვაქცინაა გამოყენებული, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 29,7%-ის სრული იმუნიზაციისთვისაა საკმარისი. თუმცა ვაქცინების განაწილება არათანაბარია. ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე რეგიონებსა და ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესი 20-ჯერ სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე დაბალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოებში.

ექსპერტები აცხადებენ, რომ აშშ-ის მოსახლეობის 70-85%-ის ვაქცინაციის შემთხვევაში ცხოვრების ნორმალურ ტემპში დაბრუნება შესაძლებელი გახდება.

ვაქცინაციის არსებული ტემპები გლობალური მასშტაბით შემაშფოთებელია. დღეში 39,1 მილიონი ადამიანის აცრის პირობებში გლობალური იმუნიტეტის მიღწევამდე ჯერ კიდევ შორია და ასეთი ტემპებით საჭირო იქნება კიდევ 6 თვე, რათა პლანეტის მოსახლეობის 75% აიცრას.

თუმცა პრეპარატების სამრეწველო სიმძლავრეები იზრდება და ბაზარზე ახალი მწარმოებლების ვაქცინები ჩნდება.

ისრაელი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც აჩვენა, რომ ვაქცინები კოვიდინფექციის გავრცელების მრუდს ცვლიან. ამის შესახებ ასევე გამოცემა ბლუმბერგი წერს და აღნიშნავს, რომ ისრაელში მიმდინარე წლის თებერვალში 70 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 84%-ზე მეტი ორჯერადად იყო აცრილი. ამის შემდეგ ინფიცირების შემთხვევების შემცირება მალევე დაიწყო. ვაქცინაციისა და გამოჯანმრთელების ანალოგიური სქემა გამეორდა ათეულობით სხვა ქვეყანაშიც.

თუმცა ეს პროგრესი საფრთხის წინაშე დგას. ახალმა შტამებმა, პირველ რიგში კი დელტა-ვარიანტმა, რომელიც მაღალი გავრცელებით გამოირჩევა, ახალი აფეთქებები გამოიწვია. ახლა ესაა არა სასიცოცხლო, არამედ სამკვდრო ბრძოლა ვირუსსა და ვაქცინას შორის.

ამასთან, არავაქცინირებული ადამიანები, როგორც არასდროს, მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, რის გამოც აშშ-ის ჯანდაცვის მაღალჩინოსნებმა ამ სიტუაციას „აუცრელების პანდემია“ უწოდეს.

დელტა-ვარიანტს დაავადების მსუბუქი ფორმების გამოწვევა ვაქცინირებულ ადამიანებშიც შეუძლია, ხოლო ინფიცირებულებმა ვირუსი შესაძლოა სხვებსაც გადასცენ. თუმცა ცალსახაა, რომ ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის პრევენციისთვის ეფექტიანობას ინარჩუნებენ.

jandacva.ge

Businesspartner