მსოფლიო
04/09/2020

მსოფლიოში გაზრდილმა მოთხოვნამ ზეთი და შაქარი გააძვირა

ზეთი და შაქარი მსოფლიოში გაძვირდა. ეს ის ორი ძირითადი პროდუქტია, რომელთა გაძვირებამაც FAO-ს ფასების ინდექსზე იმოქმედა და აგვისტოში 2%-ით გაიზარდა.

აგვისტოში, მცენარეულ ზეთზე ფასები ივლისთან შედარებით 5.9%-ით გაიზარდა. გაძვირდა როგორც პალმის, ასევე მზესუმზირის ზეთი. ზრდის მიზეზად, საწარმოო პროცესში შექმნილი შეფერხებები და მსოფლიოს მასშტაბით, პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნაა.

6.7%-ითაა მომატებული FAO-ს შაქრის ფასების ინდექსიც, რასაც ხელი შეუწყო შაქრის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, ტაილანდსა და ევროკავშირში, წარმოების შეფერხებამ და ჩინეთის მხრიდან პროდუქტზე გაზრდილმა მოთხოვნამ.

უცვლელი დარჩა, FAO-ს რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ბალანსი ყველსა და რძის ფხვნილზე ფასების კლებამ და კარაქზე ფასების ზრდამ გამოიწვია. ფასების კლება განპირობებული იყო, ოკეანეაში რძისა და ყველის სეზონური მარაგების არსებობით. კარაქზე კი ფასმა გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე აიწია.   

უცვლელი დარჩა ხორცის ფასების ინდექსიც, რომელმაც ივნისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8.9%-ით დაიწია. საქონლისა და ღორის ხორცზე ფასების ვარდნას, ხელი შეუწყო პროდუქტის უხვმა მარაგებმა და მასზე არსებულმა დაბალმა მოთხოვნამ.

ივლისთან შედარებით 2%, ხოლო,  წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7%-თაა მომატებული მარცვლეულის ფასების ინდექსი. სორგოზე ფასი 8.6%-ით გაიზარდა და 33.4 ქულა შეადგინა. ზრდის მთავარ მიზეზად, ჩინეთის მხრიდან მარცვლეულზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდება. რაც შეეხება ბრინჯს, მიუხედავად მარცვლეულის უხვი სეზონური მარაგებისა, პროდუქტზე ფასები 2.2%-ით გაიზარდა. ზრდას ხელი შეუწყო აფრიკაში მარცვლეულზე მაღალმა მოთხოვნამ.

FAO-ს ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს. 

Businesspartner