მსოფლიო
16/02/2023

საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში იპოთეკური დაკრედიტება იზრდება

გასული წლის სექტემბრის შემდეგ უკრაინაში იპოთეკური დაკრედიტება თანდათანობით იზრდება. ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული ბანკის პრესსამსახური, კომერციული ბანკების გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სექტემბრიდან იპოთეკა თანდათანობით გამოცოცხლდა, პირველ რიგში სახელმწიფო პროგრამების შედეგად ,“ - ნათქვამია ცნობაში.

როგორც უკრაინული გამოცემა KORRESPONDENT.NET წერს, ამ პროგრამების ფარგლებში მსესხებლებს შეუძლიათ იპოთეკური კრედიტი საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით 7 და 3 პროცენტით შემცირებული განაკვეთით მიიღონ.

2022 წლის სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში ბანკებმა 252 იპოთეკური კრედიტი გასცეს თითქმის 280 მილიონი გრივნას ოდენობით, დეკემბერში კი 405 კრედიტი 500 მილიონი გრივნას მოცულობით. ესაა ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელი რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერიოდში.

ომის პერიოდში ფინანსური დაწესებულებები კრედიტს თითქმის მხოლოდ მეორად ბინებზე გასცემენ. ამ სეგმენტზე გაფორმებული ხელშეკრულებების 99% მოდის.

ჯამში 2022 წელს უკრაინულმა ბანკებმა 2009 იპოთეკური კრედიტი გასცეს, რომელთა ჯამური მოცულობა თითქმის 2 მილიარდ გრივნას აღწევს. 2021 წელთან შედარებით იპოთეკური დაკრედიტება 5,3-ჯერ შემცირდა გარიგებების რაოდენობის მიხედვით, ხოლო 4,3-ჯერ - ფულად გამოხატულებაში.

ცნობისთვის: უკრაინის ყოველი მეათე მოსახლის უძრავი ქონება რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალდა.

Businesspartner