მსოფლიო
30/10/2020

სათამაშოების მწარმოებლები COVID-ის მიუხედავად საახალწლოდ გაყიდვების ზრდას ელიან

სათამაშოების მწარმოებლებს ოპტიმისტური განწყობა აქვთ. მწარმოებლები, ისეთი ნივთების მიმართ, როგორებიცაა მაგალითად, ბარბები და სამაგიდო თამაშები გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, წლის ბოლოს, სადღესასწაულო სეზონზე მსოფლიო გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას ელიან.

BBC-ის ცნობით, კომპანიებს მოგება მას შემდეგ გაეზარდათ, რაც პანდემიის პირობებში მოწყენილობისგან თავის ასარიდებლად მომხმარებლებმა სათამაშოებისა და სამაგიდო თამაშების შეძენა დაიწყეს.

2020 წლის 9 თვის მონაცემებით, Monopoly-ისა და Jenga-ს შემქმნელი კომპანია Hasbro-ს გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. კომპანია Mattel-ის შემთხვევაში კი წელს გაყიდვები 2%-ითაა შემცირებული, თუმცა კომპანიის გარკვეული ბრენდები, როგორიცაა მაგალითად, Barbie ბოლო წლების განმავლობაში გაყიდვების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აჩვენებს. კომპანიის განცხადებით, Barbie-ს მთლიანი გაყიდვები მიმდინარე წლის 9 თვეში 15%-ით, ბოლო კვარტალში კი 29%-ით გაიზარდა (532 მილიონ დოლარს გადააჭარბა) - ეს 2003 წლის შემდეგ, გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომპანიები საახალწლოდ გაყიდვების ზრდას პროგნოზირებენ. Hasbro-მ ინვესტორებს განუცხადა, რომ კომპანია „სადღესასწაულო სეზონისთვის“ მზად არის. Mattel-ი კი გასულ წელთან შედარებით სადღესასწაულო პერიოდში გაყიდვების 5%-იან ზრდას მოელის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები