მსოფლიო
14/03/2023

სტამბოლში 1.5 მლნ სახლი საცხოვრებლად საშიშია - შენობებიდან 17 მლნ ადამიანს გამოასახლებენ

თურქეთის ხელისუფლება გეგმავს, სტამბოლში 1,5 მილიონი საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობა გამოასახლოს. ინფორმაციას rusturkey.com ავრცელებს.

საუბარია 17 მილიონ ადამიანზე. განსახლების პროცესი 5 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ, დასკვნის თანახმად, არსებობს საფრთზე, ამ შენობებმა 7,0 მაგნიტუდაზე ძლიერ მიწისძვრას ვერ გაუძლოს და ჩამოინგრეს. 

თურქეთის ეკოლოგიისა და ქალაქმშენებლობის მინისტრის მურატ ქურუმის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიის 70% სეისმურად საშიშ ზონებში მდებარეობს, სტამბოლი კი ერთერთ ასეთ რისკის შემცველ ტერიტორიას წარმოადგენს.

მთავრობის გეგმის თანახმად, ქალაქის ევროპულ და აზიურ ნაწილებში 500 ათასი ახალი სახლი აშენდება, იმდენივე -  ძველი ნაგებობების ადგილზე.

ქურუმის განცხადებით, გადასახლების გეგმა ითვალისწინებს არსებულ სატრანსპორტო ლოჯისტიკას. დეტალებს უახლოეს დღეებში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაახმოვანებს.

თურქი სეისმოლოგების განცხადებით, სტამბოლში შესაძლოა 7.0-7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდეს, რაც 90 ათასი შენობის ჩამონგრევას და 260 ნაგებობის ისეთ დაზიანებას გამოიწვევს, რომლის შემდეგაც მათი ექსპლუატაცია შეუძლებელი იქნება. სტიქიური უბედურების შემთხვევაში დროებითი საცხოვრებელი სტამბოლის 4,5 მილიონზე მეტ მოსახლეს დასჭირდება.

გეგმის ღირებულება ამ ეტაპზე არ სახელდება.

 

Businesspartner