საზოგადოება
04/06/2021

1 წლიანი სასჯელი მართვის მოწმობაზე და გაზრდილი ჯარიმები - რას ითვალისწინებს პროექტი

ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში შესაძლოა ადმინისტრაციული სასჯელი გამკაცრდეს. ცვლილებას “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ითვალისწინებს, რომლის ინიციატორები არიან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ლევან იოსელიანი და ალექსანდრე ელისაშვილი.

კანონპროექტის თანახმად, პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მართავს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა.

ამასთან, ჯარიმა ორმაგდება მოპედის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისას. ამ შემთხვევაში სასჯელის სახედ განისაზღვრება 300 ლარიანი ჯარიმა, 150 ლარის ნაცვლად.

სასჯელი განსაკუთრებით მკაცრდება იმ შემთხვევაში თუ მძღოლი, რომელსაც სიმთვრალის დროს ავტომობილის მართვის გამო შეჩერებული აქვს მართვის უფლება და ამ პერიოდში ისევ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავს ავტომობილს. ასეთ შემთხვევაში 700 ლარიანი ჯარიმა გაიზრდება 2 000 ლარამდე. ემატება 5 დღიდან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა, აგრეთვე მართვის უფლების შეჩერების ვადა გაუხანგრძლივდება 1 წლით. იგივე სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 3000 ლარამდე გაიზრდება, შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით და გაეზრდება მართვის უფლების შეჩერების ვადა 1 წლით.

მძღოლი, რომელიც ტრანსპორტს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს, არ აქვს მართვის მოწმობა ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისთვის, 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით დაჯარიმდება. 1 წლის განმავლობაში ამავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში 1 500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, სასჯელის სახედ განისაზღვრება 3 000 ლარიანი ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით.

ცვლილების თანახმად, წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას 1 500 ლარის ოდენობით, 1 000 ლარის ნაცვლად. 1 წლის განმავლობაში იგივე სამართალდარღვევა გამოიწვევს 2 000 ლარიან ჯარიმას, 1 500 ლარის ნაცვლად.

გარდა ამისა, კანონპროექტით, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალიდ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს 2 000 ლარიან ჯარიმას, 1 000 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად.

მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, 300 ლარის ნაცვლად.

სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ადმინისტრაციული სახდელდადებულ პირს, მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა მიეცემა სახდელის დადებიდან არაუადრეს 6 თვისა, ნაცვლად მოქმედი რედაქციის თანახმად განსაზღვრული 3 თვისა. ხოლო მართვის უფლების აღდგენის ერთ-ერთ წინაპირობად განისაზღვრება 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა, 1 000 ლარის ნაცვლად.

პირს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისას შეჩერებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და განმეორებით განახორციელებს სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, აღარ მიეცემა მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა.

“ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შემცირდეს ავტოტრანსპორტის მართვისას მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდნეობა, რაც უმეტესად გამოწვეულია სატრანსპორტო საშუალების მართვით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში“, - განმარტავენ კანონპროექტის ინიციატორები.

პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა უკვე დაიწყო. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები