საზოგადოება
08/12/2021

"1001 ქართული ორნამენტი" - ხელოვანი, რომელმაც ზღაპრული სანახაობა შექმნა

ზღაპრული და ფერადი სანახაობა გორში - ქართული ორნამენტების გამოყენებით, 1 001 კერამიკული ფილისგან პანო შეიქმნა. პანო მნახველს, გარდა იმისა, რომ ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებს, თითოეული ფილით ყვება ისტორიას ჩვენს ქვეყანაზე. პანოს შემქმნელი, ხელოვანი ირინა შოთაძეა.  

როგორც ირინა შოთაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, პროექტზე მუშაობის პარალელურად მონაწილეობა მიიღო USAID Zrda-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რის შემდეგაც მოიპოვა გრანტი და შეიძინა კერამიკის გამოსაწვავი ღუმელი.

„ყოველთვის მომწონდა მასშტაბური კერამიკული პანოები, კომპოზიციები და სულ მიკვირდა რატომ არ შეიძლებოდა ჩვენს ქვეყანაშიც გაკეთებულიყო მსგავსი რამ, რომელიც იქნებოდა შინაარსიანი, კულტურული, ისტორიული, თანამედროვე, ფერადი. მსგავსი მასშტაბური პანოს შექმნის იდეა კი ჯერ კიდევ პანდემიამდე, სწორედ მაშინ დაიბადა, როდესაც ჩემი კერამიკული ნამუშევრებისთვის ესკიზებს ვარჩევდი. ბუნებრივია, ქართულ თემატიკას და რაღა თქმა უნდა ჩვენს უნიკალურ ორნამენტებს ვუტრიალებდი. გონებაში უცებ გამინათდა, წარმოვიდგინე რა ზღაპრული სილამაზე ექნებოდა კედელზე მათ ერთობლიობას. მერე გაჩნდა ორი ძირითადი კითხვა: რამდენი ფილა უნდა გამეკეთებინა და რა უნდა დამერქმია ამ პროექტისთვის. ამ კითხვებზე პასუხი ისევ სიტყვა “ზღაპრულმა” გამაცემინა, რა თქმა უნდა 1001. პირველი, როდესაც ამ პანოს უყურებ ეს სიამოვნების განცდაა, ესთეტიური სიამოვნების, რომელსაც მნახველს ანიჭებ, თითოეული ფილით მას უყვები ისტორიას, ამბავს შენს ქვეყანაზე. ასევე, ტურისტული თვალსაზრისითაც საინტერესოა, რადგან გორი ტურისტებით დატვირთული ქალაქია (პანდემიის ამჟამინდელ პერიოდს არ ვგულისხმობ ცხადია ) და ვფიქრობ, რომ მათაც ძალიან მოეწონებათ. პროექტზე მუშაობის პარალელურად მონაწილეობა მივიღე USAID Zrda-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რის შემდეგაც მოვიპოვე გრანტი და შევიძინე კერამიკის გამოსაწვავი ღუმელი. ამ ღუმელმა გამიიოლა და რაც მთავარია ძალიან დააჩქარა პროექტზე მუშობის ტემპი. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს დანადგარი დღემდე ძალიან დიდი ხელშეწყობაა ჩემთვის“, - აღნიშნა ირინა შოთაძემ.

მას აგრეთვე დაფუძნებული აქვს კომპანია Keramos Georgia, რომელიც თიხის და კერამიკის ნივთებს ამზადებს.

Keramos Georgia ორ წელზე მეტია რაც არსებობს, თუმცა დამოუკიდებელი შემოქმედებითი საქმიანობა ბევრად ადრე დავიწყე. Keramos-მა სრულყოფილი სტუდია - სახელოსნოს სახე მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მივიღე მონაწილეობა, და რომლებიც ჩემთვის წარმატებით დასრულდა“, - ამბობს ირინა შოთაძე.

ირინა შოთაძეს აქვს სამოყვარულო კურსებიც, სადაც მსურველები თიხაზე მუშაობას შეისწავლიან.

„თიხა, არა მხოლოდ შემოქმედებითი საქმიანობისთვის გამოსადეგარი მასალა, არამედ ძალიან კარგი თერაპიული საშუალებაცაა. შესაბამისად, ჩვენს სამოყვარულო კურსებზე თიხის ეს უნიკალური შესაძლებლობები რაღა თქმა უნდა გათვალისწინებულია. ნებისმიერ მსურველს, ვისაც საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის სურვილი აქვს, შეუძლია თამამად მოვიდეს ჩვენთან, გაიაროს თიხის ნაკეთობის შექმნის ყველა ეტაპი და ამ პროცესში სრულად მოწყდეს ყოველდღიურობას, დაივიწყოს პრობლემები და სულიერად დაისვენოს“, - ამბობს ირინა შოთაძე.  

Businesspartner