საზოგადოება
17/05/2021

2022 წელს თბილისს 18-მეტრიანი ავტობუსები შეემატება -კახა კალაძე EBRD-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი მოადგილე ანდრია ბასილაია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე, დედაქალაქში EBRD-ის მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტებსა და ხელშეკრულებების კონკრეტულ ვადებზე, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტისა და მყარი ნარჩენების მართვის სისტემების განახლების პროექტებზე ისაუბრეს.

კალაძემ, თბილისში სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაციის მიმართულებით გაწეული ფინანსური დახმარებისთვის, EBRD-ის რეგიონულ დირექტორს მადლობა გადაუხადა.

როგორც მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ განმარტა, EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შედეგად დედაქალაქი, შესაბამის სფეროებში, გაცილებით მაღალი სტანდარტების მომსახურებას მიიღებს.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი თბილისის მუნიციპალიტეტისთვის. შეხვედრაზე ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის, ავტობუსების განახლების, მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის და მეტროსადგურების განახლების პროექტებზე. ვისაუბრეთ კონკრეტულ ვადებზე და ასევე, მომავალ წელს დამატებით შემოვიყვანთ 18-მეტრიან ავტობუსების შემოყვანის თაობაზე, რაშიც დაგვეხმარება ბანკი. ასევე, მნიშვნელოვანია მყარი ნარჩენების მიმართულება. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ სტრატეგიაზე, რომელიც ასევე EBRD-ის დახმარებით ხორციელდება. ამ სტრატეგიის შედეგად, ჩვენ გადავალთ თანამედროვე სეპარირების მეთოდზე, დაიხვეწება ნარჩენების შეგროვების ტექნოლოგია და მოხდება მარშრუტების ოპტიმიზაცია, შედეგად კი ქალაქი გაცილებით უკეთეს მომსახურებას მიიღებს“ - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი დედაქალაქის მერიას სამომავლო პროექტების განხორციელებაში მაქსიმალურ მხარდაჭერასა და  აქტიურ თანამშრომლობას დაჰპირდა.

 

 

Businesspartner