საზოგადოება
14/02/2021

₾35 მლნ-იანი პროექტი - უნივერსიტეტის ქუჩა და ბაგები ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

თბილისში უნივერსიტეტის ქუჩა (თსუ-ს მაღლივი კორპუსი) და ბაგები ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება.

სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე კახა კალაძის დაანონსებული პროექტისთვის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

პროექტის ღირებულება თითქმის ₾35 მლნ-ია და ის თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტის დასრულება 2023 წლისთვის იგეგმება, შესაბამისად, თანხებიც ბიუჯეტიდან 3 წლის განმალობაში გამოიყოფა - 2021 წელს 6 მლნ ლარი; 2022 წელს - 14 მლნ ლარი; 2023 წელს - 15 მლნ ლარი.

ხიდური გადასასვლელის სიგრძე 470-480 მეტრია. გადასასვლელის დასაწყისში მოეწყობა უნივერსიტეტის ქუჩასთან დამაკავშირებელი კვანძი, გადასასვლელის ბოლოში კი წყნეთის ქუჩასთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი. ნაგებობის დანიშნულება იქნება ბაგების დასახლების, დაბა წყნეთისა და მიმდებარე სოფლების დაკავშირება უნივერსიტეტის ქუჩასათან, ვაჟა-ფშაველას პროსპექტთან და მის მიმდებარე მაგისტრალებთან და ქუჩებთან.

გათვალისწინებული იქნება ველოსიპედის ბილიკები. 

საპროექტო მომსახურებაზე შესყიდვა თბილისის მერიამ უკვე გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც კონსულტანტი ვალდებულია განიხილოს, შეისწავლოს და გაანალიზოს უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლებისა და მასთან დაკავშირებული დაბა წყნეთის არსებული და პერსპექტიული სატრანსპორტო ნაკადები, ტექნიკურ-ეკონომიკური და ზოგადი სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლები და მონაცემები.

როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, პროექტის განხორციელების აუცილებლობა თბილისში ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდასა და სატრანსპორტო ინფრასტუქტურის გადატვირთვას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ამ ტერიტორიაზე არსებული მაღლივის ხიდის რეაბილიტაცია უკვე განახორციელა, ხიდი საფეხმავლოა და ის უნივერსიტეტის კორპუსს სტუდენტურ საცხობრებელთან აკავშირებს.

 

Businesspartner