საზოგადოება
17/05/2022

5 წელი თამბაქოს კონტროლის კანონის ამოქმედებიდან

თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის მიღებიდან 5 წელი გავიდა. როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსში ამბობენ, 2017 წლის 17 მაისს პარლამენტმა უმნიშვნელოვანესი კანონი მიიღო და ამით დაედო საფუძველი პროცესს, რომელმაც საქართველო თამბაქოსგან სრულიად თავისუფალი ქვეყნის სტატუსამდე უნდა მიიყვანოს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, კანონის აღსრურლების დაწყებიდან (2018 წლის პირველი მაისიდან) თამბაქოს კონტროლის რეფორმების დადებითი შედეგები ქვეყანას უკვე აქვს, მათ შორის საზოგადოების გაუმჯობესებული ჯანმრთელობით, მოზარდებში პასიური მწეველობის უმძიმესი ზეგავლენის მაქსიმალურად შემცირებით, მოწევაზე თავის დამნებებელთა და დანებების მსურველთა სიმრავლით და სხვა.

ალიანსში რეფორმის ყვლეაზე მასშტაბურ შედეგს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, დახურული სივრცის თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლებას უწოდებენ.

"სამასპინძლო დაწესებულებებში თამბაქოს კვამლის გაქრობის პირდაპირპროპორციულად იმატა სტუმრებმა და არ გამართლდა თამბაქოს ინდუსტრიის მომხრე ექსპერტების „შიში“, თითქოს დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა ბიზნესს დააქცევდა. არც თამბაქოს ნაწარმის გარერეკლამის აკრძალვამ დაასამარა სარეკლამო ბიზნესი, ბილბორდები სხვა ბიზნესის რეკლამამ ჩაანაცვლა", - განმარტავენ ალიანსში.

ამავდროულად არასამთავრობო ორგანიზაცია ინდუსტრიის ახალ სტრატეგიასაც აფასებს, კონკრეტულად საქმე ეხება თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების ახალ შეთავაზებას - ელექტრონულ და გასახურებელ სიგარეტს.

"მოწევის ერთადერთი ჯანსაღი ალტერნატივა თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოხმარებაზე უარის თქმაა, რისთვისაც სახელმწიფო სხვადასხვა სერვისსა და პროგრამას სთავაზობს მოწევაზე თავის დანებების მსურველებს", - ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში. იქვე ნათქვამია, რომ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის შემდეგ მაინც ხშირია შემთხვევიბ როდესაც მოწევის წესის დამრღვევები არა რიგითი მოქალაქეები, არამედ, ე.წ. ცნობადი სახეები არიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ მოწევის წესის დარღვევები ყოველთვიურად მცირდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები