საზოგადოება
21/02/2023

"650-700 მლნ მ3 წყალი დაიკარგა აღების ადგილიდან უშუალოდ მომხმარებლამდე"

2021 წელს წყალმომარაგების სისტემაში გაშვებული წყლის მოცულობიდან, დაახლოებით, 73% მიწოდებისას დაიკარგა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მთავარმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ განუცხადა.

მისი თქმით, წყლის რესურსების მართვას ISET-ის კვლევით ინსტიტუტში აქტიურად აკვირდებიან.

„საყოფაცხოვრებო მიმართულებით, წყლის დანაკარგები 2020 წლის ჩათვლით იყო დაღმავალი, ნაკლები და ნაკლები წყალი იკარგებოდა, თუმცა მკვეთრი ზრდაა 2021 წლის განმავლობაში და 650-700 მლნ მ3 წყალი დაიკარგა აღების ადგილიდან უშუალოდ მომხმარებლამდე, ან განაწილების ადგილამდე. 2022 წლის მონაცემები, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, თუმცა, შესაძლოა ეს მონაცემები კიდევ უფრო გაუარესებული იყოს“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

მისივე ინფორმაციით, წყლის დანაკარგები 2021 წელს საკმაოდ მაღალი იყო მელიორაციის ნაწილშიც. კერძოდ, 2021 წელს საირიგაციო სისტემებში აღებული წყლის 19 პროცენტი დაიკარგა .

გიორგი პაპავას თქმით, წყლის რესურსების მაღალი დანაკარგები ძირითადად გაუმართავ ინფრასტრუქტურასა და ავარიებს უკავშირდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები