საზოგადოება
03/02/2023

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია გრძელდება

თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის სარდაფის  რეაბილიტაცია დაასრულა.

დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

„აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. პირველ რიგში, ჩატარდა გამაგრების სამუშაოები, რადგან, ფაქტობრივად ინგრეოდა არსებული შენობა. შეუძლებელი იყო სარდაფში ჩასვლა. იყო წყლების პრობლემა, რომელიც აზიანებდა შენობას. დღეს უკვე სარდაფი მოწესრიგებულია და მოწყობილია სადრენაჟე სისტემა. დღესდღეობით მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები და ხორციელდება ფასადის რესტავრაცია. მოგეხსენებათ, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მთელი ძალისხმევა იქეთაა მიმართული, რომ ავთენტურობა შენარჩუნდეს. თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე სამუშაოები მთლიანად უნდა იყოს დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

რეაბილიტაციის ფარგლებში შენობა გამაგრდა, აღდგა კომუნიკაციები, მოეწყო სადრენაჟე და გათბობის სისტემები, დაიგო ფილები, გაიწმინდა აგურის კედლები,  დამონტაჟდა შიდა რკინის კარები და ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილები და სართული სრულად ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე. ამჟამად მიმდინარეობს ფასადის გაწმენდისა და სარესტავრაციო სამუშაოები. 

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში დაცულია სხვადასხვა უნიკალური კოლექცია, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის  კავკასიისა და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში აბრეშუმის ქსოვილების წარმოებასა და  გამოყენებაზე ისტორიული, სახელოვნებათმცოდნეო, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ანთროპოლოგიური თვალსაზრისით. 

შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მე-19 საუკუნით თარიღდება და ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშად მიიჩნევა.

პროექტი „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა  და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაცია“   (“AIMF”)-ის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Businesspartner