საზოგადოება
16/09/2021

აფბა "მესამე ძალას" მოუწოდებს საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით ხედვა საჯაროდ წარმოადგინოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“- აფბა პოლიტიკურ პარტია „მესამე ძალას“ და მის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მოუწოდებს, საპენსიო საკითხებთან დაკავშირებული ხედვა საჯაროდ წარმოადგინოს.

როგორც აფბას განცხადებაშია ნათქვამი, საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს და, შესაბამისად, აუცილებელია, ამ საკითხზე გაკეთებული ნებისმიერი განცხადება  საფუძვლიან და ობიექტურ გათვლებს ეყრდნობოდეს და არა ზოგად პოლიტიკურ განზრახულობებს.

აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ აქტიურად აკვირდება საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემლების მომსახურების და მათთან დაკავშირებული საბანკო სესხების  განაკვეთის საკითხის.

არჩევნების მოახლოების პარალელურად, საპენსიო სესხების საკითხი კვლავ გააქტიურდა. სამწუხაროდ, წინა პერიოდების მსგავსად, ამჯერადაც პოლიტიკოსების მხრიდან  გვესმის განცხადებები, რომელთა შინაარსი ძირითადად ორიენტირებულია პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებასა და ელექტორალურად აქტიური სეგმენტის გულის მოგებაზე. ამ მოცემულობაში არსად ჩანს საკითხის რეალურად გადაჭრის, ანუ ე.წ. საპენსიო სესხებზე საპროცენტო ტვირთის შემსუბუქების კონკრეტული ხედვა, რომელზეც არგუმენტირებული ანალიზი და, შესაბამისი გათვლები იქნება წარმოდგენილი.

ბუნებრივია, საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო ინტერესი ძალიან მაღალია. უნდა ითქვას, რომ პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ხშირად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და მცდარი მოლოდინების შექმნის საფუძველი ხდება. შესაბამისად, დაუშვებლად მიგვაჩნია პოლიტიკოსების მხრიდან, საფუძვლიანი ანალიზის გარეშე, განცხადებების გაკეთება.

ამდენად, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს „მესამე ძალას“ და მის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მის პარტიას საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული გეგმა გააჩნია, საჯაროდ წარმოადგინოს პარტიის ხედვა. მოხარული ვიქნებით, თუ პარტიის მიერ წარმოდგენილი იქნება აღნიშნული საკითხის ირგვლივ არსებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების დეტალური ანალიზი.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პარტიის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს საფუძვლიანი ანალიზი, თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს 20%-მდე, როგორც ეს თავად გიორგი ვაშაძის მიერ არის გაცხადებული მის  ერთ-ერთ ინტერვიუში.

მიგვაჩნია, რომ თუკი გიორგი ვაშაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს საპენსიო სესხებთან დაკავშირებით  გაკეთებული აქვთ საფუძვლიანი მოკვლევა და ანალიზი, მნიშვნელოვანია მოხდეს მათი კონკრეტული ხედვისა საჯაროდ გამოქვეყნება.

მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შეიქმნა საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებული სატენდერო კომისია და გაჩნდა საკითხზე გადაწყვეტილებების მიღების  ახალი შესაძლებლობა, პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, პოლიტიკოსები უნდა მოერიდონ უსაფუძვლო აქტივობებს და საპენსიო სესხებთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადება გააკეთონ კონკრეტულ გათვლებზე, კვლევებზე და რეალურ არგუმენტებზე დაყრდნობით.

მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობამ გადაინაცვლოს უკანა პლანზე და გაიხსნას საფუძვლიანი ღია და საჯარო დისკუსია საკითხით დაინტერესებული პოლიტიკოსების, სფეროს სპეციალისტების, ფინანსისტების, ანალიტიკოსებისა და ეკონომიკური მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით“, – ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Businesspartner