საზოგადოება
04/05/2021

ამირან გამყრელიძე: ჩინური Sinovac-ის ეფექტიანობა 51%-დან 91%-მდე მერყეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო “სინოვაკის“ ვაქცინა იგივე პრინცპით არის დამზადებული, როგორც “სინოფარმი“ - ინაქტივირებულ ვირუსზე, რასაც ტრადიციულ მეთოდს ეძახიან.

მისი თქმით, საქართველოს ჩინეთისგან “სინოვაკის“ 100 000 დოზა საჩუქრად აქვს მიღებული. ეს ვაქცინა ფართოდ ადმინისტრირებულია. ჩინეთში 60 მილიონამდეა გამოყენებული, აგრეთვე გამოიყენება თურქეთში, ბრაზილიაში, უნგრეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სხვადასხვა კვლევებით, “სინოვაკის“  ეფექტიანობა 51%-დან 91%-მდე მერყეობს.

“ბრაზილიურმა კვლევებმა 50%-ზე მეტის ეფექტურობა აჩვენა, თურქეთმა 90%-მდე ეფექტურობა. ჯანმო ვაქცინის ეფექტურობას აღიარებს, თუ ის 50%-ს ცდება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური წარმოების ვაქცინებისთვის “სინოფარმისა“ და “სინოვაკისთვის“ ავტორიზაციის მინიჭების საკითხზე მსჯელობს.

საქართველოში ამ ეტაპზე “სინოფარმის“ ვაქცინა გამოიყენება, რომელსაც უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის აღიარება აქვს. “სინოვაკი“ ქვეყანაში ჯერ არ გამოიყენება.

მთავარი სიახლეები