საზოგადოება
16/09/2021

ამტვერებადი მასალების რეალიზაციის სტანდარტი, ეკომეგობრული ტრანსპორტი - ბრძოლა ეკოლოგიურ პრობლემებთან

თბილისის მერია ეკოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლას გააგრძელებს. 

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამოქმედდება ამტვერებადი მასალის განთავსების და რეალიზაციის სტანდარტები. გაგრძელდება ღია გრუნტის დაფარვა ბალახით და მულჩით, ურბანული გამწვანება და ტყის გაშენება, ქალაქის სრული ადაპტირება ეკომეგობრულ ტრანსპორტთან.

“სუფთა ჰაერი ჩვენთვის რჩება პრიორიტეტად. ჩვენ ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ, გვყავს ოჯახები, შვილები და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით სამუშაოები გაგრძელდეს.

მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს შედეგები, დაგეგმილი გვაქვს, რომ ამოქმედდეს ის შესაბამისი სტანდარტი, რომელიც ეხება ამტვერებადი მასალების გადატანას, რეალიზაციას, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეს სტანდარტი აუცილებლად ამოქმედდება დედაქალაქში და ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს.

აქტიურად ვცდილობთ, დავფაროთ ქალაქში არსებული გრუნტი ბალახით ან მულჩით, რათა არ იყოს ზედმეტი ამტვერება.

არ შეიძლება ხაზი არ გავუსვა ჩვენს მიდგომას ტრანსპორტთან დაკავშირებით. წლის ბოლომდე სრულად ჩანაცვლდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც სამწუხაროდ პრობლემა იყო ეკოლოგიისთვის. გარდა ამისა, ჩვენი ხელშეწყობით შემოსულია ეკომეგობრული ტრანსპორტი და აუცილებლად ამას მხარს დავუჭერთ. მანქანების რაოდენობის შემცირების გარეშე შეუძლებელი იქნება სერიოზული შედეგი მივიღოთ ჰაერის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ. 

 

 

Businesspartner