საზოგადოება
16/09/2021

ანდრია ბასილაია: თბილისში ნაგავსაყრელს აუცილებლად დავხურავთ

თბილისის მერიას ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები აქვს. კერძოდ, დედაქალაქში ფართომასშტაბით მოხდება ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, რაც ნიშნავს - ნარჩენების შეგროვებას, რომლის დროსაც ნარჩენების ნაკადები მათი შემდგომი დამუშავების ხელშეწყობისათვის განცალკევებულია სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით. შემდეგი ნაბიჯი იქნება, ნარჩენების გადამუშავება. 

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, ამ მიმართულებით მომავალი წლიდან კონკრეტული პროექტების განხორციელება დაიწყება. 

“ეს ამოცანა უდგას ყველა თანამედროვე ქალაქს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი მოხვდეს ნაგავსაყრელზე. დამერწმუნეთ, 4 წლის თავზე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები დაიდება ამ მიმართულებით“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ. 

ამასთან, მისი თქმით, მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს არსებული ნაგავსაყრელი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით დაიხურება.  

“არსებული ნაგავსაყრელი პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც უშუალოდ ნაგავსაყრელთან ცხოვრობს. მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი, რომ ეს დისკომფორტი შემცირდეს. მომდევნო 4 წლის მანძილზე მას აუცილებლად დავხურავთ“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ. 

Businesspartner