საზოგადოება
07/07/2021

ასოციაცია მედიკამენტების ფასებზე: რეგულაციის ოპტიმალური მოდელი უნდა შეირჩეს

ეკატერინე ტიკარაძე წამლებზე მაღალი ფასის წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებს. რა იარაღით შეებრძოლება ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში არსებულ ამ პრობლემას, არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები მტკივნეული იქნება.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციაში რეგულაციების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა ამბობენ, რომ ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია. 

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ ასევე მნიშვნელოვანია სწორი მოდელის შემოღება და კონკრეტული რეგულაციის შემოღებამდე ყველა დეტალის სექტორის წარმომადგენლებთან განხილვა.

„როდესაც ახალ რეგულაციაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ თუ როგორი იქნება მომწოდებლების და პარტნიორების გამოხმაურება, რადგან ქვეყანაში შემოსული მედიკამენტების 92% იმპორტირებულია. ამისათვის, უნდა განვიხილოთ რეაგირების მოდელირებებიც და უნდა მივიდეთ რაღაც შუალედამდე.

არსებობს რამდენიმე მოდელი: რეგულაციის შემოღება მედიკამენტების ფასნამატზე, გარკვეულ მედიკამენზე ფასების ფიქსაცია და მესამე არის კონკრეტული მედიკამენტის ფასის განსაზღვრა, შუალედის აღება სხვა ქვეყნებში არსებული ფასების მიხედვით. თითოეული მოდელი ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალურად მუშაობს, მთავარია ყველაფერი მოხდეს სეგმენტში ჩართულ კომპანიებთან თანამშრომლობით," –აღნიშნავს ირაკლი მარგველაშვილი.

როგორც ასოციაციაში ამბობენ, ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული მოლაპარაკებები ან შეხვედრები ჯერ არ ყოფილა, თუმცა ასოციაცია მზადაა ჩაერთოს ამ პროცესში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს რეგულაციის ოპტიმალური მოდელის ჩამოყალიბებაში.

„ჩვენ ვემხრობით რეგულაციას, მაგრამ ცალკეული კომპონენტები არ უნდა იყოს კონტექსტიდან ამოღებული. მაგალითად, კონკრეტულ წამალზე ფასის დაწევის შემთხვევაში, ამით ბოროტად არ უნდა ისარგებლოს რომელიმე კომპანიამ და მოახდინოს მხოლოდ თავისი პროდუქციის რეალიზაცია, ამიტომ რაღაც დონეზე კონტროლიც აუცილებელია. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა უკეთესი იქნება ერთობლივად მოხდეს განხილვა და შემდეგ გადაწყდეს, რომელი მოსაზება უფრო ცივილურია და სიკეთის მომტანი საქართველოს მოსახლეობისთვის," – ამბობს ფარმაციის ასოციაციის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო და მოქალაქეები მედიკამენტების ფასების მძევლად იქცნენ.

“იმედი მაქვს, ამ ბრძოლაში, რომელსაც აუცილებლად დავიწყებ, საზოგადოება მხარს დამიჭერს. უნდა აღდგეს სამართლიანობა და ადამიანს, რომელსაც წამალი სჭირდება, რომლის ღირებულებასაც სამინისტრო და სახელმწიფო ფარავს, ერთხელ და სამუდამოდ, ერთი წლით მაინც მოხდეს ფასის შეთანხმება. მნიშვნელოვანია გადაიდგას უფრო თამამი ნაბიჯები და ეს არ იქნება დამანგრეველი, ვინაიდან მთელი ევროპის ბაზარი მსგავსად არის რეგულირებული, გამჭვირვალობა და ხარისხზე კონტროლი აქაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ტიკარაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები