საზოგადოება
08/12/2021

ბადრი ჯაფარიძე: კატასტროფული ინფლაცია გვაქვს, კობა გვენეტაძე უნდა გადადგეს

ოპოზიციონერი დეპუტატის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. სებ-ი კი, ამას თავს ვერ ართმევს. 

დეპუტატმა მოითხოვა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობა დატოვოს. 

"ეროვნული ბანკის საქმიანობა უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, როგორ ართმევს თავს ძირითად ამოცანას. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვერ ართმევს თავს ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანის შესრულებას, რადგან ჩვენ გვაქვს კატასტროფული ინფლაცია ქვეყანაში. ამის დემონსტრირება შეიძლება რა თქმა უნდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიოში ბოლოდან მე-16 ადგილს ვიკავებთ.  ყველაზე მაღალი ზრდა გვქონდა ტრანსორტის ჯგუფში (20% -ზე მეტი).  ფასები 17%-ით გაიზარდა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის მტკივნეულ პროდუქტებზე ფასის კატასტროფული ზრდაა. 

ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს დაბალ საპროცენტო განაკვეთებს. გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები ლარში. დასაქმების ნაწილშიც ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურად არაეფექტურია. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გვაძლევს ობიექტურ საფუძველს, გავაკეთოთ დასკვნა, რომ ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ვერ ასრულებენ ეროვნული ბანკისთვის განსაზღვრულ ძირითად ამოცანას. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და გადადგეს. ძალიან დიდ პატივს ვცემ ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, მაღალკვალიფიციური ადამიანები არიან იქ, მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრეზიდენტმა", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2022-2024 წლების  ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს წარადგენს. 

Businesspartner