საზოგადოება
17/06/2020

ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე 1 მლნ დაიხარჯა

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია.

გზის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან  1 მლნ ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულად ივლისის შუა რიცხებში დასრულდება.

გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია. ბარათაშვილის ქუჩასა და პუშკინის ქუჩაზე არსებულ 150-მეტრიან პანდუსზე, მოდიფიცირებული ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საფეხმავლო გადასასვლელებისთვის უსაფრთხოების კუნძულები მოეწყო.

კახა კალაძის თქმით, სრულად განახლდა პანდუსი, რაც ავტობუსებისა და ავტომობილებისთვის პრობლემას წარმოადგენდა.

„ამ დროისთვის, ქუჩაზე ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება და შშმ პირებისთვის ადაპტირდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება LED განათების სისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემის დაპროექტება მოხდა. მერიაში ამბობენ, რომ ქუჩა მუნიციპალურ ტრანსპორტზე, ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედით გადაადგილებაზე მეტად ორიენტირებული გახდება, რაც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო განტვირთავს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები