საზოგადოება
11/06/2021

ბექა დავითულიანი: თბილისის არქიტექტურა საზოგადოების სახეა, ის მახინჯია და უნდა გავყინოთ 

“ქართული ოცნების“ დეპუტატის ბექა დავითულიანის შეფასებით, თბილისი ბოლო 30 წლის განმავლობაში განუკითხავი მშენებლობებით დაზარალდა. “საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით კი, ეს პრობლემა უნდა შეჩერდეს.

კერძოდ საუბარია კანონპროექტზე, რომელიც ეხება როგორც სამშენებლო ამნისტიას, ისე მკაცრ რეგულაციებს.

მისი განმარტებით, სამშენებლო ამნისტია ეხება მშენებლობებს, რომლებსაც აქვთ დარღვევები, თუმცა ის ზეგავლენას არ ახდენს უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე.

დეპუტატი ირწმუნება, რომ ამ ცვლილებით, რეალურად ეხმარებიან მოქალაქეებს და არა დეველოპერებს, რადგან ისინი მშენებლობის დროს წინასწარ ყიდიან სახლებს და შემდეგ პრობლემები რჩებათ ფართის მფლობელებს. სამშენებლო ამნისტია არ ეხება ისტორიულ არეალს.

“არც იმაზეა საუბარი - ამას ვითომ იმიტომ ვაკეთებთ, რომ დეველოპერებს რაღაცეები “გავუპრავოთ“. ასე შეზრდილი რომ გვქონდეს ეს ბიზნესი, რამენაირად ნებართვას მივცემდით და “გაპრავება“ არ დასჭირდებოდა.  

ვერ გავექცევით მოცემულობას, დეველოპერები აშენებენ, წინასწარ ყიდიან სახლებს და მერე 90% ისე გადის, რომ მოქალაქეებს კონკრეტული პრობლემები რჩებათ. დეველოპერს საერთოდ აღარ აინტერესებს იმ სახლს ექსპლუატაციაში მივიღებთ თუ არა. ჩვენ ახლა ამნისტიას ვუკეთებთ მოქალაქეების პრობლემას და არა დეველოპერებისას. რა თქმა უნდა არსებობენ ძალიან არაკეთილსინდისიერი დეველოპერები, რომლებმაც აგვიშენეს სპორტის სასახლის უკან, აგრეთვე პირველი სკოლის უკან კორპუსი. მათ შორის არსებობენ წესიერი დეველოპერები, რომლებსაც გვინდა არ გვინდა, აქვთ გარკვეული დარღვევები. ამნისტია უნებართვო მშენებლობებს არ შეეხება“,- აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

მან “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც უნებართვო მშენებლობებზე მკაცრი რეგულაციები დაწესდება.

“სისხლის სამართლის დანაშაულად გვინდა ვაქციოთ მშენებლობის შეჩრებაზე უარის თქმა. 15 000 ლარიანი ჯარიმა 1000 კვადრატის გადაჭარბებას ვერ შველის, ეს ჩვენ ვიცით. ამიტომ შეჩერებაზე რომ გამოვუწერთ და არ გაჩერდება, იმიტომ, რომ 15 000 ლარად 1000 კვადრატს ამატებს, დავაკავებთ, იმიტომ, რომ ამ ქალაქის ეს ქაოტური განაშენიანება შევაჩეროთ.

ამ ქალაქის ქაოტური განაშენიანება მთავარი პრობლემაა, ხომ არ გგონიათ, რადგან სახელისუფლებლო გუნდს წარმოვადგენ, ამ ქალაქს რამე მირჩევნია?  მოცემულობას უბრალოდ ვერ შევცვლით და ადამიანებს ვერ გამოვყრით უკვე ნაყიდი სახლებიდან, დეველოპერებს პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვთ. აქ უნდა გავყინოთ ეს სურათი და ვთქვათ, ამის შემდეგ ვინც მსგავსს ჩაიდენს, ციხეში წახვალთ და გაჩერდით. მართლა საზოგადოების სახეა ქალაქი და მისი არქიტექტურა. დღეს ჩვენი სახე მახინჯია, რომელიც უნდა გავყინოთ და გამოვასწოროთ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა პლენარულ სხდომაზე.  

Businesspartner