საზოგადოება
04/08/2021

ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამაზე - კახა კალაძე ვანდალიზმის ფაქტზე

თბილისში, ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ახლახან გახსნილი ძეგლი დააზიანეს. ვანდალიზმის პრობლემის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„პრობლემა პირდაპირ კავშირშია დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებთან და საკმაოდ აზარალებს ქალაქს, მის ინფრასტრუქტურას. მხედველობაში მაქვს ვანდალიზმის ფაქტები.

ის, რასაც ვაკეთებთ, ეს იქნება ახალი სკვერები, პარკები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები კეთდება ისევ და ისევ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის. ნამდვილად გულდასაწყვეტია, როდესაც ვხვდებით ასეთ ფაქტებს და საკმაოდ მრავლად.

10 ივლისს, ვარკეთილში მდებარე სკვერში, ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა. სამწუხაროდ, ძეგლი უკვე დაზიანებულია, მოხსნილია სათვალე. ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამაზე. რთულია მისცე ამ ყველაფერს შეფასება. კიდევ უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმის ჩამდენი პირები არიან მოზარდები და მათ აგრესიულ ქცევას, ვანდალიზმს მშვიდად ადევნებენ თვალს უფროსები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მოსახლეობას გვერდში დგომისკენ მოუწოდა.

„მინდა ყველას ვთხოვო, გვერდში დაგვიდგნენ ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ ის, რაც კეთდება, კეთდება ჩვენი შვილებისთვის. ეს ქალაქი ხომ ყველასია და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ მოვუფრთხილდეთ გაკეთებულს - იმ პროექტებს და სამუშაოებს, რომლებიც ხორციელდება იმისთვის, რომ შემდეგ სწორად და კარგად გამოიყენონ ჩვენმა შვილებმა და მომავალმა თაობებმა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები