საზოგადოება
11/11/2020

ეკონომიკაSHE - რესურსი ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე

ორგანიზაცია „საფარმა“ Human Rights House Foundation-ის მხარდაჭერით ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ონლაინ სკოლა გამართა.

პროექტის მიზანი საზოგადოებაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ოჯახში ეკონომიკურ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობადობის ამაღლებაა.

5 თვის (1 ივნისი - 31ოქტომბერი) განმავლობაში პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა აქტივობებში ჩართულიყვნენ.

ორგანიზატორების ცნობით, ონლაინ სკოლის სასწავლო პროგრამა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავდა, მათ შორის ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში; ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობა; ეკონომიკური ძალადობის კვლევა ხორვატიის გამოცდილებაზე დაყრდნობით; Covid-19 გავლენა და ეკონომიკის სტიმულირების გენდერული ასპექტები; ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადვოკატირების სტრატეგიები და სხვ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ქართველი და ხორვატი უფლებადამცველების და აქტივისტებისთვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ეკონომიკური ძალადობის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგისთვის შერჩეულ იქნა ქართველი, ავსტრიელი და ხორვატი ექსპერტები, თუმცა გლობალური პანდემიის დროს ფრენების შეწყვეტის გამო შეფერხდა ტრენინგის განხორციელება. „ექსპერტების ჩამოყვანის და პროექტის ცოცხალ რეჟიმში ჩატარების იმედით, ონლაინ სკოლა მაისის ნაცვლად ივნისამდე გადაიდო, თუმცა ეპიდსიტუაციის გაურესების გამო, საბოლოოდ ტრენინგები ონლაინ ფორმატში ჩატარდა. სექტემბერში გაიმართა ჯამში 10 სესია, რომელსაც ესწრებოდა 20 მონაწილე საქართველოსა და ხორვატიიდან. ონლაინ სკოლის კურსდამთავრებულებს მომავალში შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა საფარის მიერ დაგეგმილ საადვოკაციო კამპანიებში“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში მომზადდა სამაგიდო კვლევა ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობაზე. კვლევაში ასევე განხილულია სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება და პრობლემასთან ბრძოლის მექანიზმები. კვლევაზე დაყრდნობით მომავალში მომზადდება საადვოკაციო დოკუმენტი, ეკონომიკურ ძალადობასთან საბრძოლველად საქართველოს კანონმდებლობაში არსებულ ბერკეტებზე და მექანიზმებზე. პროექტის ბოლო ეტაპზე ასევე უნდა მომხდარიყო დოკუმენტის ადვოკატირება და გაცნობა პოლიციის თანამშრომლებისთვის, თუმცა პანდემიის გამო და ქვეყანაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გამო ეს შეხვედრა გადაიდო.

პროექტის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებში, პირველ რიგში, საფარის ვებსაიტს დაემატა ახალი მიმართულება - ეკონომიკაshe. ამ კატეგორიას პერიოდულად ემატება პროექტის ფარგლებში შექმნილი ყველა მედია პროდუქტი - ვიდეო, პოსტერები, ანიმაცია და ინფოგრაფიკები. ტრენინგის მონაწილეებმა მოამზადეს 14 ბლოგი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თემებზე. ყველა რესურსის ნახვა შესაძლებელია საფარის საიტზე ან საფარის ფეისბუქ გვერდზე.



Businesspartner