საზოგადოება
14/10/2021

ელჩანაწერების სისტემა მალე ამოქმედდება - რა ვალდებულება უჩნდებათ სამედიცინო დაწესებულებებს

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესი განისაზღვრა.

შეიქმენა ე.წ EHR სისტემა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, რომ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ პორტალზე ატვირთოს.  

სიახლეს „ბიზნესპარტნიორთან“ დადებითად აფასებს ჯანდაცვის ასოციაცია.

„ეს არის პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ბაზა, სადაც ექიმი დეტალურად ტვირთავს სტაციონალურ და ამბოლატორიულ მონაცემებს. ასევე, აიტვირთება მონაცემები დაწყებული გამოყენებული სახარჯი მასალიდან, დამთავრებული მედიკამენტებით. სისტემა უნდა ამოქმედებულიყო 1-ელი ოქტომბრიდან. თუმცა პორტალს ჰქონდა ტექნიკური ხარვეზები და ასევე არსებობდა გარკვეული თეორიული შეკითხვებიც. როგორც ვიცი, ტექნიკური ხარვეზები გამოსწორდა და ახლა უფრო შეინაარსობრივ საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა. სისტემა ამოქმედებულია, თუმცა სატესტო რეჟიმში. სავარაუდოდ, 1-ელი იანვრიდან იქნება სანქციები, რაც წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ ჯანდაცვის ასოციაციის დირექტორმა, ნინო კიკნაძემ. 

მისივე განმარტებით, მიმდინარე კვირაში ასოციაცია ერთობლივი წერილით მიმართავს ეკატერინე ტიკარაძეს. საქმე ამჯერადაც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არსებული ტარიფების გადახედვას, დათვლის ერთიანი ფორმულის ჩამოყალიბებასა და დადგენას გულისხმობს.  

„კიდევ ერთხელ უნდა გავიაროთ, რა გვექნება საერთო ამ დათვლის ფორმულასთან დაკავშირებით. ამ კვირაში ასოციაცია წერილობით მიმართავს სამინისტროს. ერთი ვარიანტი გვექნება ყველასთვის საერთო და მორგებული ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის. დათვლის ერთ მექანიზმს შევთავაზებთ, რომელიც მართებული იქნება, როგორც დიდი, ასევე მცირე სამედიცინო დაწესებულებებისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის ასოციაციის დირექტორმა.  

 

Businesspartner