საზოგადოება
07/06/2021

FAO: დაბინძურებული საკვებით ყოველწლიურად 420 000 ადამიანი იღუპება

მსოფლიოში დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად დაბინძურებული საკვების მიღების შემდეგ ავადდება, 420 000 ადამიანი იღუპება, 33 მილიონში კი აღინიშნება ჯანმრთელობის გაუარესება, - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) 7 ივნისს, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო დღეს, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ მონაცემებს აქვეყნებს.

FAO მოუწოდებს მთავრობებს ყურადღება გაამახვილონ სურსათით გამოწვეული დაავადებების რისკების აღმოჩენასა და კონტროლზე.

ორგანიზაციის ცნობით, წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან (WHO) ერთად აღნიშნავს სურსათის უვნებლობის დღეს და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ, პანდემიის პირობებში სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების სტანდარტების შენარჩუნებაზე.

ორგანიზაციები მთავრობებს ასევე მოუწოდებენ უზრუნველყონ სურსათის ხელმისაწვდომობა, ფერმერების წვდომა ბაზრებზე და უწყვეტი ტექნოლოგიური განვითარება.

"სურსათის უვნებლობის წესების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სურათის უვნებლობის ჯაჭვი იწყება ფერმაში (მეცხოველეობისას თუ ბოსტნეულის მოყვანისა და საირიგაციო წყლის უსაფრთხოების კონტროლით) და სრულდება სუფრასთან (პროდუქტების დახარისხება და უსაფრთხო მომზადება). სასურსათო კონტროლს ექვემდებარება ყველა პროდუქტი მათ შორის: ბოსტნეული, ხილი, ხორცი და რძის პროდუქტები. ასევე, ამ ნედლეულის გადამუშავებისგან მიღებული სურსათი. სურსათის უვნებლობის ქვაკუთხედი, ჰიგიენური სტანდარტების დაცვა, ცხოველთა ჯანმრთელობის მონიტორინგი და სარეაილიზაციო პირობების კონტროლია. ამ მიმართულებით, საქართველოში ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა. მათ შორის დაინერგა ცხოველთა იდენტიფიკაცია - რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა (NAITS), რომელიც წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლისა და მათგან წარმოებული პროდუქტების მიკვლევადობას უზრუნველყოფს. სისტემა, ევროპასთან ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ნაწილია და იგი, ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური გარემოს უწყობს ხელს.

FAO და WHO ორგანიზაციის გზავნილები, ხაზს უსვამენ რომ სურსათის უვნებლობაზე თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა აქტორს, მათ შორის: სახელმწიფოებს, მწარმოებლებსა და მომხმარებლებს", - ნათქვამია ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები